სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ამის შესახებ მედიიდან გაიგო.
როგორც ის წერს, კითხვის ნიშნებს ბადებს დასვენების დღეებში დაჩქარებული წესით კანონპროექტის დაინიცირება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩართულობისა და ფართო საზოგადოებრივი განხილვის გარეშე.
მისივე თქმით, როცა გაეცნობა კანონპროექტს, დეტალურ კომენტარს მერე გააკეთებს. მანამდე კი იმედს გამოთქვამს, რომ პროცესი შეჩერდება.
"დღეს, "წინასაახალწლო სიურპრიზად", მე და ჩემმა თანამშრომლებმა ინტერპრესნიუსიდან გავიგეთ, რომ 2021 წლის 22 დეკემბერს, კონსპირაციულად, დაჩარებული წესით, დაინიცირდა კანონპროექტი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის "გაუქმების" შესახებ.
ეს მაშინ, როცა 2021 წლის 9 დეკემბრიდან საქართველოს პარლამენტთან ვცდილობ კომუნიკაციას სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით შემუშავებული კანონპროექტის დაინიცირებაზე (ამ კოორდინაციის პროცესში, პარლამენტის წარმომადგენელთა მხრიდან არც ერთი სიტყვა თქმულა ზემოაღნიშნულ ინიციატივაზე). შესაბამისი კანონპროექტი გუშინ (24 დეკემბერს) გავაგზავნეთ საქართველოს პარლამენტში.
რა თქმა უნდა კითხვის ნიშნებს ბადებს, დასვენების დღეებში, კანონპროექტის დაინიცირება დაჩქარებული წესით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩართულობისა და ფართო საზოგადოებრივი განხილვის გარეშე. იმედი მაქვს, ეს პროცესი შეჩერდება!
მაშინ, როცა გავეცნობი კანონპროექტს და მექნება მეტი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, გავაკეთებ უფრო დეტალურ კომენტარს.
მანამდე კი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებო, ვაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას, რომელიც ყოველთვის იყო, არის და იქნება კანონით ნაკარნახევი!" - წერს თოლორაია.
საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 7 დეკემბერს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოების გავრცელების შესწავლა დაასრულა და მათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა, რაც, ჯამში, 2 500-ლარიან ჯარიმას გულისხმობს.
ინსპექტორის აპარატმა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ სააკაშვილი საკვებ დანამატს იღებს, ყოფილი პრეზიდენტის ღირსების შელახვად მიიჩნია.