ინდოეთის შტატ ანდჰრა-პრადეშში, სულ მცირე, 10 ადამიანი სადეზინფექციო ხსნარის დალევის შედეგად გარდაიცვალა.
სოფელი კურიჩედუ, სადაც ტრაგიკული ინციდენტი მოხდა, კარანტინის ქვეშ მას შემდეგ მოაქციეს, რაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მატება დაიწყო. კარანტინის შედეგად სოფელში დაიკეტა ალკოჰოლური სასმლის მაღაზიებიც.
რეგიონის პოლიციის უფროსის, სიდჰართა კაუშალის ცნობით, გარდაცვლილები ალკოჰოლის შემცველ სადეზინფექციო ხსნარს უალკოჰოლო სასმელთან ან წყალთან აზავებდნენ და გარდაცვალებამდე 10 დღის განმავლობაში სვამდნენ.
"ჩვენ ვიძიებთ, ხომ არ შეიცავდა სადეზინფექციო ხსნარი ტოქსიკურ მინარევებს", - განაცხადა კაუშალმა
მისი თქმით, სადეზინფექციო ხსნარის ნიმუშები გამოსაკვლევად ქიმიურ ლაბორატორიაშია გადაგზავნილი.
"ალკოჰოლზე დამოკიდებული ზოგიერთი მოქალაქე სადეზინფექციო ხსნარს თრობისთვის იყენებდა. კარანტინის გამოცხადების შემდეგ ალკოჰოლი აღარსად იშოვება, სადეზინფექციო ხსნარი კი - ყველგან", - განუცხადა სიდჰართამ Reuters-ს.
ინდოეთში, დღეის მონაცემებით, კორონავირუსის შედეგად 36 000-მდე ადამიანია გარდაცვლილი.