თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების და კურსდამთავრებულების ნაწილი პროფესორ იაგო კაჭკაჭიშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც წერია, რომ პროფესორთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები არ ემსახურება კეთილშობილურ მიზნებს და იკვეთება პროფესორის დევნისა და შევიწროების მცდელობის ნიშნები.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეთიკის კომისიის შექმნა და ბოლო თვეებში, კვირებსა და დღეებში განვითარებული მოვლენები უამრავ შეკითხვას ბადებს.
"ღრმად გვწამს, რომ პროფესორთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები არ ემსახურება კეთილშობილურ მიზნებს და იკვეთება პროფესორის დევნისა და შევიწროების მცდელობის ნიშნები. ბოლო დღეების განმავლობაში კი ამ ეჭვების გასაქარწყლებლად საპასუხო ნაბიჯი არ გადადგმულა. ეთიკის კომისიის შექმნა და ბოლო თვეებში, კვირებსა და დღეებში განვითარებული მოვლენები უამრავ შეკითხვას ბადებს. მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი მოკლებულია ლოგიკურ დასაბუთებასა და არგუმენტირებულ მსჯელობას. ამ გაურკვევლობას კი ვერ პასუხობს კომისიის წევრთა განმარტება, რომელმაც კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება წარმოშვა. ჩვენთვის მიუღებელია წარმოდგენა, თითქოს უნივერსიტეტში არსებული პრობლემების გარშემო მსჯელობა უნივერსიტეტის კედლებშივე უნდა დარჩეს. მიგვაჩნია, რომ წლების განმავლობაში დამკვიდრებულმა ამგვარმა პრაქტიკამ სასიკეთო შედეგი ვერ გამოიღო. უფრო მეტიც, თსუ მიიყვანა იმ პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე, რომლის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოვლინებაა ბოლო დროს განვითარებული მოვლენები.
ამასთან, სამწუხაროა აკადემიური პერსონალის ნაწილის მხრიდან პროფესორისადმი საჯარო სოლიდარობის ნაკლებობა (ისევე, როგორც უნივერსიტეტში მიმდინარე სხვადასხვა პრობლემურ საკითხზე საჯარო პოზიციის არქონა). მიგვაჩნია, რომ სწორედ ეს ადამიანები უნდა იდგნენ სოლიდარობისა და სამართლიანობის სადარაჯოზე, ვინაიდან თუ უნივერსიტეტი საკუთარ პროფესორს არ უცხადებს სოლიდარობას, სტუდენტებს კიდევ უფრო მეტი დაუცველობის განცდა ეუფლებათ. ასევე, იაგო კაჭკაჭიშვილის შემთხვევის მიღმა, მიმდინარე პროცესს ვაფასებთ უფრო ფართო პერსპექტივიდან და აღვიქვამთ მას, როგორც კრიტიკულად განწყობილი ხმების განეიტრალების მცდელობად", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ცნობისთვის, კაჭკაჭიშვილმა 2020 წლის 21 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ოფიციალურად დადასტურდა თსუ-ს რექტორის გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში პლაგიატი. მან ილიას უნივერსიტეტიდან წერილი გამოაქვეყნა, რომელიც, მისი თქმით, ადასტურებს, რომ შარვაშიძის 2003 წლის სადისერტაციო ნაშრომის 34% პლაგიატია.
იაგო კაჭკაკიშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც თსუ-ს რექტორი, გია შარვაშიძე პლაგიატში ამხილა, მასზე შური იძიეს.
როგორც კაჭკაჭიშვილი ამბობს, რექტორის ბრძანებით, თსუ-ში შეიქმნა ეთიკის კომისია, რომელსაც მისი სადოქტორო დისერტაციის, რომელიც 2001 წელს დაიცვა, შესწავლა დაევალა.
მისი თქმით, კომისია შეიქმნა საჩივრის საფუძველზე, რომელიც უნივერსიტეტში ამ წლის დასაწყისში შევიდა. მომჩივანი დათო ნადირაძეა, რომელიც, კაჭკაჭიშვილის ინფორმაციით, არც სოციალური მეცნიერებების წარმომადგენელია, არც - დოქტორის ხარისხის მქონე და არც - თსუ-ის თანამშრომელია. მისი თქმით, ეს პიროვნება გია შარვაშიძის მეუღლის ორგანიზაციის თანამშრომელი და მასთან, ოჯახთან დაახლოებული პირია. პროფესორი ამბობს, რომ ინტერესთა კონფლიქტის ნიშნები იკვეთება.