logo
ENG



თუ რუსეთთან ფრენები აღდგა, კასიანოვი საქართველოდან უკრაინელების ევაკუაციას არ გამორიცხავს

24 იან 202317:14
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრი კასიანოვი არ გამორიცხავს, საქართველოდან რუსეთში პირდაპირი ფრენების აღდგენისა და უსაფრთხოების რისკების გაზრდის შემთხვევაში, უკრაინის საელჩომ საქართველოდან მოქალაქეების მასობრივი ევაკუაცია დაიწყოს.

კასიანოვმა უკრაინულ მედიასთან საუბრის დროს თქვა, რომ უკრაინის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა მთავარი პრიორიტეტია. მისი თქმით, ახლა განიხილავენ სპეციალური საევაკუაციო მარშუტის ორგანიზების გეგმას.

"პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შემთხვევაში და უსაფრთხოების რეალური რისკების გაზრდის შემთხვევაში, მინდა ვთქვა, რომ დღეისთვის საელჩო არ გამორიცხავს საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მიმართვის შესაძლებლობას, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ იმ საკითხით, რომ განიხილონ საქართველოს ტერიტორიიდან უკრაინის მოქალაქეების მასობრივ ევაკუაციაში დახმარების შესაძლებლობა, მაგრამ ხაზს ვუსვამ, მათი სიცოცხლისთვის რეალური საფრთხეების არსებობის შემთხვევაში. გულხელდაკრეფილი არ ვისხდებით, ვიმუშავებთ და უზრუნველვყოფთ ყველაფერს, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, მათი დაცვისა და უსაფრთხოებისთვის, ეს ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ახლა განვიხილავთ სპეციალური საევაკუაციო მარშრუტების ორგანიზების შესაძლებლობას სწორედ მათთვის, უკრაინის მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლადი ფენებისთვის, რომლებსაც ნამდვილად არ აქვთ სახსრები დაბრუნებისთვის. ამასთან, განვიხილავთ მიწის ზედა ტრანსპორტს, როგორც ყველაზე ოპტიმალურს", - თქვა კასიანოვმა.

სერგეი ლავროვმა 18 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ  რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო ავიამიმოსვლა მალე აღდგება.

სერგეი ლავროვის განცხადებას ქართული ოცნების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა "მისასალმებელი იქნება". კობახიძემ თქვა, რომ რუსეთში მილიონამდე საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს, რომლებისთვისაც რუსეთთან პირდაპირი ფრენები მნიშვნელოვანია.

ამავე თემაზე კომენტარი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემაც გააკეთა და თქვა, რომ რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაში "ცუდს ვერაფერს ხედავს" და განაცხადა, რომ შეიძლება ეს "კარგიც იყოს ჩვენი ქვეყნისთვის".

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთთან პირდაპირი საჰაერო ფრენების აღდგენას არ მიესალმება.


close დახურვა