logo
ENG



თუთბერიძე: სააკაშვილი მკურნალობას ორშაბათამდე არ შეწყვეტს

26 ნოე 202116:05
3 წუთის საკითხავი
 
თუთბერიძე: სააკაშვილი მკურნალობას ორშაბათამდე არ შეწყვეტს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტი დათანხმდა მათ თხოვნას და ორშაბათამდე არ შეწყვეტს მკურნალობას.

თუთბერიძის თქმით, ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ მისი ინფორმაციით, სახელმწიფო გეგმავს სააკაშვილი დაასწროს სასამართლო პროცესს.

"ჩვენ დღეს მესამე პრეზიდენტს ვთხოვეთ, რომ ეს ულტიმატუმი დროებით შეეჩერებინა, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, ორშაბათს არის პროცესი, სადაც იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიყვანას გეგმავს სახელმწიფო. ჩვენ არ გვინდა, რომ სახელმწიფოს და პოლიტიკურ მართლმსაჯულებას კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტი მივცეთ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილისგან დაიმალონ და მიხეილ სააკაშვილს დაუმალონ საქართველოს სასამართლო. ამიტომ მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა ჩვენს თხოვნას, შესაბამისად, ის არ შეწყვეტს მკურნალობას ორშაბათამდე, როგორც მინიმუმ ხოლო ორშაბათს ვნახავთ რა იქნება და ბუნებრივია პროტესტის უფლებას მას ვერავინ წაართმევს“, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

ადვოკატი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ სუსტადაა, თუმცა ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა მას სასამართლო პროცესზე დასწრებაში ხელს არ შეუშლის. თუთბერიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს სურვილი და მზაობა, წარსდგეს ქართველი საზოგადოების წინაშე.

მიხეილ სააკაშვილი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. 

იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. ის გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას 19 ნოემბერს დათანხმდა. ამჟამად სააკაშვილი რეაბილიტაციის კურსს გადის.

 


close დახურვა