logo
ENG



თურნავა - ფრონტერას მცდელობა, ჩრდილი მიაყენოს აშშ-საქართველოს ურთიერთობას, უსუსურია

30 ივლ 202013:29
3 წუთის საკითხავი
clock 977
თურნავა - ფრონტერას მცდელობა, ჩრდილი მიაყენოს აშშ-საქართველოს ურთიერთობას, უსუსურია

 

" 'ფრონტერასთან' ხელშეკრულების გაგრძელების გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ ძალიან ვაფასებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-სთან ურთიერთობას", - ამბობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მთავრობას სრული შესაძლებლობა ჰქონდა, ხელშეკრულება მოეშალა, რადგან კომპანია დაკისრებულ მოვალეობებს ვერ ასრულებდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხარის ყველა პრინციპული მოთხოვნა მხარდაჭერილი იყო საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ და გვქონდა სრული შესაძლებლობა, 'ფრონტერასთან' მოგვეშალა კონტრაქტი, რადგან ვერ ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს და არსებითად დაარღვიეს ხელშეკრულება, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კომპანია დარჩეს თავისი სალიცენზიო არეალის ფარგლებში, სადაც წარმოებს მოპოვება და შეუფერხებლად განაგრძოს მოპოვებითი სამუშაოები კონტრაქტით დადგენილ ვადებში. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ ძალიან ვაფასებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას და ვუფრთხილდებით იმ საინვესტიციო გარემოს, იმ იმიჯს, რაც გააჩნია საქართველოს“, - განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, „ფრონტერას" ყველა მცდელობა, ჩრდილი მიაყენოს საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობას, არაფრის მომცემი და უსუსურია.

„კომპანიის ასეთი მცდელობებით მორიგი შედეგი დადგება ის, რომ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდება ზოგიერთი  ჩვენი პარტნიორი, ზოგიერთი კონგრესმენი, რადგან არასწორი, მცდარი ინფორმაცია იქნება  მათთვის მიწოდებული „ფრონტერასა" და მათი ლობისტების მხრიდან“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

შეგახსენებთ, 23 ივლისს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა საწვავის მომპოვებელ ამერიკულ კომპანია „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს" კონტრაქტს აღარ გაუუქმებს. ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილება ქვეყნისთვის საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებული საერთაშორისო რეპუტაციის შენარჩუნების მიზნით იქნა მიღებული. 


close დახურვა