მტავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას ამერიკის ელჩის კელი დეგნანისა და საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის შეხვედრის შესახებ ისაუბრა და ელჩს მადლობა გადაუხადა.
თურნავას თქმით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა არჩევნები ღიად და გამჭირვალედ ჩატარდეს.
„ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ქალბატონ ელჩს მადლობა იმისთვის, რომ გამოხატა მხარდაჭერა მათ შორის პროკურატურის სისტემაში მიმდინარე რეფორმების მიმართ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მართლწესრიგი და არჩევნები ჩატარდეს ღიად, გამჭირვალედ, დემოკრატიულად. თქვენ ხედავთ მთელი გუნდი ამ მიმართულებით რა ნაბიჯებს ვდგამთ“, - განაცხადა თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე ამერიკის შეერთხებული შტატების ელჩს შეხვდა. აშშ-ის ელჩი აცხადებს, რომ საუბარი რამდენიმე საკითხს შეეხო, მათ შორის ისაუბრეს ხმების მოსყიდვასა და ექსტრადაციიის შესახებ.
„შეხვედრაზე თანამშრომლობის სხვადასხვა სფერო განვიხილეთ, მათ შორის ექსტრადიციისა და სხვა სამართლებრივი საკითხები, რომლებიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია. ვისაუბრეთ გენერალური პროკურორის მნიშვნელოვან როლზე მომავალ არჩევნებში. არჩევნების შემდგომ პერიოდში ხმების მოსყიდვის შესახებ საჩივრებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ელჩმა.
საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში გაიმართება.