logo
ENG



თურნავა ნამახვანზე: არ უნდა გასცდეს ენერგეტიკაზე საუბარს და რადიკალიზმში არ უნდა გადავიდეს

25 მაი 202113:32
3 წუთის საკითხავი
 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ხელისუფლება ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით დიალოგისთვის მზად არის.

როგორც თურნავამ აღნიშნა, დიალოგი არ უნდა გასცდეს ენერგეტიკის დარგზე საუბარს და "რადიკალიზმში არ უნდა გადავიდეს".

"კვლავ ვადასტურებთ, რომ შექმნილია ძალიან კარგი, საქმიანი პლატფორმები, სადაც ასეთი ტიპის საკითხები უნდა ირჩეოდეს, განიხილებოდეს ექსპერტების თანდასწრებით. ეს არის ექსპერტთა საბჭოს შექმნის მოწოდება და ყველა კვლევის განხილვა, ესაა საერთაშორისო მედიატორები და ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიატორის ჩართულობით პლატფორმა.

ასევე, ნებისმიერი შტო ჩვენი ხელისუფლების მზადაა, კონკრეტულად, საქმიანად, სამუშაო ჯგუფებში, კონკრეტულ ექსპერტებთან ნებისმიერი საკითხი განიხილოს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან გაჭირდება ქუჩაში ბლოკირებით, პარალიზებით და ა.შ, რაც ტურისტების მოლოდინში, ეკონომიკის გახსნის მოლოდინში აბსოლუტურად მიუღებელია", - თქვა ნათია თურნავამ.

ჰესის მოწინააღმდეგეები უკვე მესამე დღეა, რამდენიმეთვიან პროტესტს თბილისში აგრძელებენ. ისინი ითხოვენ: შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი; გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში; თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა; დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.

ხელისუფლება აქციის მონაწილეებს ეუბნება, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მათ "გონიერებისკენ" მოუხმო.


close დახურვა