logo
ENG



თურნავა ნამახვანზე: კაშხლის მშენებლობა გადაიდო, ვიდრე პასუხი არ გაეცემა ყველა კითხვას

04 აპრ 202117:19
3 წუთის საკითხავი
 
თურნავა ნამახვანზე: კაშხლის მშენებლობა გადაიდო, ვიდრე პასუხი არ გაეცემა ყველა კითხვას

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა რიონის ხეობაში მიმდინარე აქციის მონაწილეებს მიმართავს და აღნიშნავს, რომ "ის მიზეზი, რაც იწვევდა მათ გულწრფელ შეკითხვებს და წუხილს ნამახვანი ჰესის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად დღეს მოხსნილია". 

როგორც თურნავამ აღნიშნა, კაშხლის მშენებლობა გადაიდო. 

"კომპანიასთან შეთანხმებით, კაშხლის მშენებლობა გადაიდო და ის არ დაიწყება უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, ვიდრე ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი. კომპანია, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დღეს ახორციელებს საგზაო სამუშაოებს", - განაცხადა თურნავამ

მინისტრის თქმით, დაწყებულია ღია დიალოგი ყველა დაინტერესებულ პირთან და ექსპერტთან და გახსნილია ყველა კვლევა, რაც წლების განმავლობაში აქვს მომზადებული კომპანიას.

"მზად ვართ, თითოეულ ამ კვლევაზე ვისაუბროთ - რა კითხვები არსებობს, როგორ გავაუმჯობესოთ საჭიროების შემთხვევაში და ვიდრე არ გვექნება სრული გარანტიები და ეს გარანტიები არ იქნება ცნობილი მოსახლეობისთვის, ვიდრე არ დავარწმუნებთ მათაც, რომ ნამახვანი ჰესის კაშხალი არის რეალურად უსაფრთხო, რაშიც ჩვენ ვართ დარწმუნებულები, მაგრამ გვინდა, რომ მეტი ნდობა შეიქმნას მოსახლეობაში. მანამდე კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

გუშინ, 3 აპრილს, როცა სამუშაოები განახლდა, გარდა იმისა, რომ აქციის მონაწილეებს გადაადგილება შეუზღუდეს, ასევე დაახშეს ინტერნეტის სიგნალი, თუმცა შსს აღნიშნულს უარყოფს. დააკავეს 2 ადამიანი, ღამით კი კარვებამდე არ მიუშვეს აქტივისტები, რომლებიც მოგვიანებით კომენდანტის საათის დარღვევის მიზეზით 2000-2000 ლარით დააჯარიმეს. არასამთავრობო ორგანიზაციების და ომბუდსმენის შეფასებით, აქციის მონაწილეების მიმართ მათი კონსტიტუციური უფლებები დაირღვა. 

რიონის ხეობის მცხოვრებლები და აქტივისტები ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას 161 დღეა აპროტესტებენ. მათი თქმით, ჰესი საფრთხეს უქმნის რიონის ხეობას და მთლიანად დასავლეთ საქართველოს. 

აქტივისტებმა ეკონომის მინისტრთან, ნათია თურნავასთან შეხვედრა მოითხოვეს. თურნავა სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან ერთად მათ შეხვდა კიდეც, თუმცა, შეხვედრა კითხვებზე პასუხის გარეშე, რამდენიმე წუთში დატოვა. სწორედ ამის შემდეგ დაემატა დემონსტრანტების მოთხოვნებს თურნავას გადადგომა. 

ქუთაისის აქციებს წინ უძღოდა პროტესტი რიონის ხეობაში. დემონსტრანტებს ადგილზე კარვები აქვთ გაშლილი. ისინი პოლიციამ ძალის გამოყენებით რამდენჯერმე დაშალა. 

ორგანიზაცია EMC ამბობს, რომ ხელისუფლებამ ინვესტორს ტერიტორია 99 წლით, სიმბოლურ ფასად გადასცა გადასცა, ამასთან, შეთანხმებაში არის პუნქტი, რომ კომპანიას უფლება აქვს, 15 წლის შემდეგ საქართველოს ელექტროენერგია არ მიაწოდოს. 

ორგანიზაციის შეფასებით, ნამახვანის კასკადის პროექტი სამართლებრივ დარღვევებს, მაღალ სოციალურ და ეკოლოგიურ რისკებს შეიცავს 

ორგანიზაციის მოკვლევით, აშენების შემთხვევაში, ნამახვანის ჰესების კასკადი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განხორციელებული ყველაზე დიდი ენერგეტიკული პროექტი გახდება საქართველოს ტერიტორიაზე. კასკადი ორი ჰესისგან შედგება და მათი საერთო სიმძლავრე 430 მეგავატს აღემატება. პროექტში, რომლის მთლიანი ღირებულება 700 მილიონ დოლარს აჭარბებს, რამდენიმე საერთაშორისო ინვესტორი და სამშენებლო კომპანია მონაწილეობს. არსებული პროექტი მოიცავს 15 კილომეტრის სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობასაც.

კასკადი მდინარე რიონის ხეობაში ორი კაშხლის აგებას ითვალისწინებს - ერთის სიმაღლე, სოფელ ტვიშთან, 50 მეტრს აღემატება, მეორის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 111 მეტრს შეადგენს.

EMC ამბობს, რომ პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე მაღალია მისი პოტენციური ზეგავლენა ადგილობრივ სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე, ისევე როგორც ზეგავლენასთან დაკავშირებული რისკები. დასატბორ ტერიტორიაში ხვდება 110 ოჯახი, რომლებიც შესაძლოა გამოასახლონ. ზეგავლენის არეალში ექცევა 20-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რამდენიმე სოფელი და 10-ზე მეტი არქეოლოგიური ობიექტი.


close დახურვა