logo
ENG



თურნავა ჟურნალისტების ცემაზე: ჩვენმა ლიდერებმა ცალსახად დაგმეს ძალადობა

06 ივლ 202113:34
3 წუთის საკითხავი
 

პოლიციის უმოქმედობის ფონზე, ათობით ჟურნალისტის ცემის მეორე დღეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ მათი გუნდი გმობს ძალადობას და ჟურნალისტებზე თავდასხმა მიუღებელია. 

თურნავას თქმით, "ჟურნალისტებისთვის თავისუფალი გარემო მათი ხელისუფლების მონაპოვარია და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები გამოძიებული იყოს". 

"გუნდის წევრებმა, ჩვენმა ლიდერებმა გააკეთეს განცხადება, რომლის მიხედვითაც ძალიან ცალსახად დაგმეს ძალადობა. თქვენი პათოსი გასაგებია, ვუერთდებით ამ პათოსს იმ ნაწილში, რომ ძალადობა მართლაც არის ყოვლად მიუღებელი ჟურნალისტებთან მიმართებაში.

ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მონაპოვარია თავისუფალი სიტყვა და გარემო ჟურნალისტებისთვის, რომ იმუშაონ. აბსოლუტური თავისუფლებაა ამ თვალსაზრისით და ჩვენ, რასაკვირველია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეული ასეთი სამწუხარო ფაქტი იყოს ბოლომდე გამოძიებული", - ამბობს თურნავა.

1-ლი ივლისიდან საქართველოში თბილისი პრაიდის კვირეული დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, რომელიც 5 ივლისს, 18:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე იყო დაგეგმილი. 

პრურუსულმა, აგრესიულმა, მოძალადე ჯგუფებმა კონტრაქცია 5 ივლისს დილიდან დაიწყეს. მათ დაარბიეს ოპოზიციის კარვები პარლამენტის წინ, სცადეს შეჭრა "სირცხვილიას" ოფისში, ასევე, აძვრნენ თბილისი პრაიდის ოფისის აივანზე და ჩამოხიეს ლგბტქ დროშა. 

თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტს, სცემეს და დაუზიანეს ტექნიკა.

შსს-ს ინფორმაციით, ძალადობის ფაქები 55 ადამიანზე განხორციელდა, საიდანაც 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია. 

ამ დრომდე, კლინიკაში რჩება მედიის 6 წარმომადგენელი, ორ მათგანს ოპერაცია ჩაუტარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის მიმდინარეობისას 8 ადამიანი ადმინისტრაციული წესით გუშინ დააკავა, დღეს კი მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე სამი ადამიანი დააკავეს.

პრაიდის კონტრაქცია საპატრიარქომ დააანონსა. ძალადობრივ დარბევაში მონაწილეობდნენ პრორუსული ორგანიზაციის, ალტ ინფოს წარმომადგენლები. 

თბილისი პრაიდმა განვითარებული მოვლენების შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ "ღირსების მარში" #სოლიდარობისთვის 5 ივლისს აღარ გაიმართებოდა. პრაიდის განცხადებით, ხელისუფლებამ მათ ხელი შეუშალათ, ესარგებლათ შეკრების უფლებით.

გუშინ განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით, დღეს, 20:00  საათზე პარლამენტის შენობასთან მდუმარე აქცია დაანონსდა.

 


close დახურვა