logo
ENG



თურნავა რესტორნებზე: დაუმორჩლებლობა მიუღებელია, ვთხოვ, ნუ გაართულებენ დიალოგს ჩვენ შორის

03 თებ 202111:03
3 წუთის საკითხავი
 

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა რესტორნების მიერ გამოცხადებულ დაუმორჩილებლობას მიუღებელს უწოდებს და ამბობს, რომ ამას მკაცრი რეაქცია მოჰყვება. 

მან ასევე თქვა, რომ სთხოვს სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს, არ მოიქცნენ არაკანონიერად და ამით არ გაართულონ დიალოგი მთავრობასთან. 

"სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის ნაკლებობა ნამდვილად არ არის. 

გასაგებია, რომ იმის გამო, რომ რესტორნები აჭარის გარდა, დანარჩენ საქართველოში ვერ იხსნება, მათ აქვთ უკმაყოფილება, მაგრამ დაუმორჩილებლობა, კანონის დარღვევა, კანონის და ეპიდემიის წესების მიმართ დაუმორჩილებლობა არის მიუღებელი. ამას მოჰყვება მკაცრი რეაქცია. 

მაგრამ, ვინაიდან ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში, პრემიერმინისტრთან და ეკონომიკურ გუნდთან ერთად ვიხილავთ, როდის შეიძლება აჭარის მოდელი გადმოვიტანოთ დანარჩენ საქართველოზე, ვეძებთ გამოსავალს, ჩემი თხოვნა იქნება და იმედიც არის, რომ რესტორნები ასეთ არასწორი და არაკანონიერი ქმედებით არ გაართულებენ დიალოგს ჩვენ შორის. იმედია, გვექნება კონკრეტული გადაწყვეტილებები, მაგრამ დაუმორჩლებლობა დიალოგს გაართულებს და იმედია, ასე არ მოხდება". - თქვა თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. 

სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებმა დაუმორჩლებლობის გამოცხადება და თვითნებურად გახსნა 6 თებერვალს დააანონსეს. გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლევან ქოქიაშვილმა თქვა, რომ დაჟინებული მცდელობის მიუხედავად, მთავრობა მათ ინტერესებს არ ითვალისწინებს და შესაბამისად, დაუმორჩილებლობა ერთადერთ გამოსავლად დარჩა. 

სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები რამდენიმე კვირაა, გახსნას ან გახსნის გეგმას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სამსახურის და შემოსავლის გარეშე 250 ათასზე მეტი ადამიანი დარჩა. მათი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ეს სფერო დროზე არ გაიხსნება, კაფე-ბარების და რესტორნების უდიდესი ნაწილი გაკოტრდება და ფუნქციონირებას ვერც აღადგენს. 


close დახურვა