თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჩრდილოეთ სირიასა და ჩრდილოეთ ერაყში განლაგებულ ქურთ მებრძოლთა ბაზებზე საჰაერო იერიში მიიტანეს - როგორც Reuters წერს, უწყებამ განაცხადა, რომ ეს ბაზები თურქეთზე თავდასხმისთვის გამოიყენებოდა.
სამინისტროს თანახმად, იერიშების სამიზნე იყო ქურთისტანის მუშათა პარტია (PKK) და სირიელი ქურთების სახალხო თავდაცვის დანაყოფის (YPG) ბაზები. სტამბულში მომხდარი ტერაქტის შემდეგ თურქეთმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც PKK-ის წინააღმდეგ ერაყში ოპერაციებს დაასრულებს, შემდეგი სამიზნეები ჩრდილოეთ სირიაში იქნება.
13 ნოემბერს სტამბოლის ცენტრში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 6, ხოლო დაშავდა 80-ზე მეტი ადამიანი. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აფეთქება ტერორისტულ აქტს დაუკავშირა.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ მომხდარში ქურთისტანის მუშათა პარტია (PKK) დაადანაშაულა და განაცხადა, რომ დააკავეს ადამიანი, რომელმაც შემთხვევის ადგილას ბომბი დატოვა - მინისტრი აცხადებდა, რომ ტერორისტული თავდასხმის შესახებ ბრძანება ჩრდილოეთ სირიაში მდებარე აინ ალ-არაბიდან მოვიდა, სადაც დაჯგუფების შტაბ-ბინა მდებარეობს.