თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 19 000-ს გადააჭარბა.
დღეს თურქეთში რამდენიმე ადამიანი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, მათ შორის იყო 2 წლის ბიჭი, რომელმაც ჰატაიში ჩამონგრეული შენობის ნანგრევებში 79 საათი გაატარა.
თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, მომხდარი ტრაგედია "ძალიან სერიოზულ სირთულეებს" ქმნის 2023 წლის 14 მაისს დაგეგმილი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის.
თურქეთის მოსახლეობაში კი დახმარების შენელებულად მიწოდებისა და სამაშველო სამუშაოების გაჭიანურების გამო ხელისუფლებისადმი უკმაყოფილება იზრდება.
მიწისძვრიდან 3 დღის შემდეგ გაეროს პირველი ჰუმანიტარული დახმარება ჩავიდა სირიაში.
3 დღის წინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად ორივე ქვეყანაში ასობით ათასი ადამიანი საცხოვრებლის გარეშე დარჩა.
თურქეთში ერთკვირიანი გლოვაა გამოცხადებული. ამასთან, 10 რეგიონში სამი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
თურქეთში მიწისძვრების შედეგად საქართველოს 3 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო კიდევ 2 მოქალაქეს ამ დრომდე ეძებენ.
რაც შეეხება სირიას, სხვადასხვა მედიასაშუალების ინფორმაციით, სიცივისა და განადგურებული ინფრასტრუქტურის გამო სამაშველო სამუშაოები გართულებულია. ამას ემატება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი და სამხედრო კონფლიქტი.
***
ძლიერი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში ორშაბათს, გვიან ღამით მოხდა. მისი სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდას აღწევდა და მას 100-მდე ბიძგი მოჰყვა. სტიქიის გამო დაინგრა ათასობით შენობა. სხვადასხვა ქვეყნიდან თურქეთსა და სირიაში ჰუმანიტარული და სამაშველო დახმარება გაიგზავნა. სამშაბათს დილით ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თვითმფრინავები ერაყიდან და ირანიდან დამასკოს აეროპორტში ჩაფრინდა.
მაშველები გააგზავნა საქართველომ, აშშ-მა და ინდოეთმა. ევროკავშირმა გაააქტიურა კრიზისებზე რეაგირების მექანიზმი, ხოლო პალესტინიდან სამოქალაქო და სამედიცინო ჯგუფები სირიასა და თურქეთში გაემგზავრებიან.