logo
ENG



იაკობაშვილი სანქცირებაზე: საქართველოში მიმდინარე პროცესებმა, შესაძლოა, ამაზე გავლენა იქონია

22 ოქტ 202222:18
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/22/8vlgznh5f38gds7.jpg

ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი, რომელსაც უკრაინამ სანქციები დაუწესა, განცხადებას ავრცელებს. 

ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა, შესაძლოა, მიღებულ გადაწყვეტილებაზე [სანქციების დაწესებაზე] გარკვეული ზეგავლენა მოახდინა.

როგორც იაკობაშვილი თავის განცხადებაში ამბობს, უკრაინის მიერ სანქციების დაწესება სამწუხარო მოცემულობაა.

"ჩემზე სანქციების დაწესება უკრაინის ხელისუფლების მიერ არის სამწუხარო მოცემულობა, თუმცა ამის თაობაზე ამჟამად საუბარი ნაადრევია, რამეთუ მაქვს შეგრძნება, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა შესაძლოა გარკვეული ზეგავლენა მოახდინა მიღებულ გადაწყვეტილებაზე. რამდენადაც ვიცი, კომპანია, რომლის არასაკონტროლო პაკეტის აქციათა გარკვეული წილის მფლობელი გახლავართ, აწარმოებს თავის საქმიანობას საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში. ზოგადად საზოგადოებას ამომწურავი პასუხის გაცემა ესაჭიროება. ამისათვის დროის გარკვეული მონაკვეთი უნდა გავიდეს, რათა მომხდარის ყველა შემადგენელი, პირველ რიგში ჩემთვის, ახსნადი გახდეს. მე საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ადამიანი გახლავართ. საქართველოს მიწამ მიიბარა ჩემი მშობლები და წინაპრები. დღესაც არც თუ ისე ცოტანი არიან, და არა მარტო თბილისში, ადამიანები, ვინც იციან თუ რა მიკეთებია ამ მიწა-წყალზე. ბუნებრივია, ეს არ არის ჩემი შესაფასებელი, მაგრამ საქართველოსადმი ჩემს სიყვარულში არავის შეუტანია ეჭვი. ამდენად ნურავის ეგონება, რომ მე რაიმე საზიანოს ვაკეთებ საქართველოსათვის", - ამბობს დავით იაკობაშვილი.

19 ოქტომბერს უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა. შესაბამისი განკარგულება ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასცა. ე.წ. შავ სიაში არიან: ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი და ძმის ცოლი, ქეთევან ხარაიძე, რომლის სახელზეც ალექსანდრე ივანიშვილს ბიზნესები აქვს გაფორმებული. ასევე, ივანიშვილის დეიადშვილი უჩა მამაცაშვილი, მის შვილთან, ტატე მამაცაშვილთან ერთად. უჩა მამაცაშვილი რუსულ ბიზნესებთან არის კავშირში. ჩამოთვლილი პირების გარდა, სასანქციო სიაში ასევე ბიზნესმენი დავით იაკობაშვილიც მოხვდა. 

 

 

 


close დახურვა