logo
ENG



იანუშაიტიტეს დედა: არ ვენდობით ექსპერტიზის ბიუროს, მტკიცებულებების FBI-ში გაგზავნას ვითხოვთ

27 დეკ 202311:28
3 წუთის საკითხავი
 

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანას იანუშაიტიტეს საქმეზე ოჯახი მტკიცებულებების FBI-ში გაგზავნას ითხოვს. მოზარდის დედის, ნატო ხუტაშვილის თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს არ ენდობიან. 

"დაკარგულია თმა, რომელიც მოჩანს სურათში და აქედან გამომდინარე, ოჯახი არ ვენდობით საქართველოს სამხარაულის ეროვნულ ბიუროს, ამიტომ ვითხოვთ, რომ აუცილებლად გაიგზავნოს ყველა მტკიცებულება FBI-ში.

საქართველოს ექსპერტიზის ბიურომ ფაქტები დაკარგა, საქართველოს ექსპერტიზის ბიუროს არ შეიძლება, ენდოს ადამიანი. ფაქტები დაკარგა და გაანადგურა. მე არ ვიცი, დაკარგა, დამალა თუ გაანადგურა, მე ვიცი, რომ ფაქტები, რომელიც ჰქონდა, რომელიც სურათში აქვს ბავშვს, სინამდვილეში, აღწერილობაში აღარ არის მერე", - აცხადებს ბავშვის დედა. 

გარდა ამისა, გასაჯაროვდა სავარაუდო მკვლელის ფოტორობოტიც, რომელიც, ნატო ხუტაშვილის თქმით, თვითმხილველებზე დაყრდნობითაა შედგენილი. 

"ფოტორობოტი საგამოძიებო უწყებაში არის შედგენილი, თვითმხილველებზე დაყრდნობით. ვინც მიამსგავსებს, ვინ იქნება ამ ფოტორობოტთან მიმსგავსებული პირი, შემოწმდება. ანონიმურობა სრულად დაცული იქნება. უდანაშაულო პირს, რა თქმა უნდა, ხელს არავინ ახლებს", - ამბობს ნატო ხუტაშვილი. 

17 მარტს დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის ანა იანუშაიტიტე გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი აცხადებს, რომ გოგო მოკლეს, რადგან მას სხეულზე დაზიანებები ჰქონდა.

5 ივლისს ორგანიზაციის იურისტებმა განაცხადეს, რომ გარდაცვლილი 12 წლის ანას საქმეში მნიშვნელოვანი მტკიცებულებები არის დაზიანებული, კერძოდ, საკვლევი მასალების შენახვის წესის დარღვევის შედეგად, გოგონას გვამიდან აღებული ნიმუშები დაობდა.

10 აგვისტოს მტკიცებულებების დაზიანების საქმეზე მოზარდის დედა დაზარალებულად ცნეს. 

ოჯახის ინტერესებს ორგანიზაცია უფლებები საქართველო იცავს.

 

 

close დახურვა