მედიის ცნობით, იაპონიის მინისტრთა კაბინეტი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა, რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის გამო.
მედიის ინფორმაციით, სანქციების სიას 81 ფიზიკური პირი და 9 სუბიექტი დაემატება. მათ შორის არიან პრორუსი სეპარატისტები აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში. სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდნენ სამხედრო სფეროსთან დაკავშირებული მაღალჩინოსნები და ორგანიზაციები.
იაპონიის კაბინეტის მთავარი მდივნის მოადგილის, სეიჯი კიჰარას განცხადებით, რუსეთი ე.წ რეფერენდუმებით და უკრაინის ოთხი რეგიონის „შეერთებით“ უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისო სამართალს არღვევს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსეთის მხრიდან აღნიშნულ ქმედებებს იაპონია კატეგორიულად გმობს.
ზაფხულში იაპონიამ ორი რუსული ბანკის, მოსკოვის საკრედიტო ბანკისა და როსსელხოზბანკის წინააღმდეგ დააწესა სანქციები. მანამდე იაპონიამ კიდევ ორ რუსულ ბანკს, Sberbank-სა და Alfa-Bank-ს სანქციები დაუწესა, რომელთაგან ერთი რუსეთის სახელმწიფო, ხოლო მეორე რუსეთის ყველაზე დიდი კერძო ბანკია. სანქციების სამიზნე ასევე ბელარუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი გახდა. იაპონიამ სანქციების დაწესება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
რუსული ძალების მხრიდან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, იაპონიამ რუსეთში ინვესტიციები შეამცირა და არაერთი ბანკისა თუ მოქალაქის აქტივები გაყინა, მათ შორის არიან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შვილები და საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები.