იაპონიამ ჰამასთან დაკავშირებულ 9 პირსა და კომპანიას სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სანქცირებულთა შორის არიან ჰამასის წევრები, მათი დამფინანსებლები და ღაზაში დაფუძნებული კომპანია, რომელიც ფულის გადარიცხვას უზრუნველყოფს.
იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ყველა სანქცირებული სუბიექტი ტერორისტადაა აღიარებული. ამასთან, ეს იაპონიის მხრიდან ჰამასისთვის დაწესებული პირველი სანქციებია.
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.