იაპონიის პრემიერმინისტრი, იოშიჰიდე სუგამ განაცხადა, რომ არ აპირებს მოახლოებულ კენჭისყრაში პარტიის ლიდერობისთვის იბრძოლოს და თანამდებობას ტოვებს. ეს კი ნიშნავს, რომ ის პრემიერმინისტრის პოსტიდანაც გადადგება.
იოშიჰიდე სუგამ გასულ წელს პრემიერის პოსტზე სინძო აბე შეცვალა, რომელიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გადადგა.
მმართველი პარტიის - ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ახალი ლიდერის არჩევნები 29 სექტემბერს გაიმართება.
იოშიჰიდე სუგას გადადგომის გადაწყვეტილებას თან ახლავს მისი დაბალი რეიტინგიც. კორონავირუსის გამო იაპონიაში ამ დრომდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქვეყანაში ინფიცირების 15, მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, ამასთან, დაბალია ვაქცინაციის ტემპი. პანდემიის პირობებში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამართვაც მოსახლეობის ნაწილში უკმაყოფილებას იწვევდა.
"აღმასრულებელ სხდომაზე ბატონმა სუგამ განაცხადა, რომ სურს, თავისი ძალისხმევა კორონავირუსთან ბრძოლაზე მიმართოს და არ სურს არჩევნებში მონაწილეობა. სიმართლე გითხრათ, გაოცებული ვარ. ეს ნამდვილად სამწუხაროა", - განაცხადა მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა.
72 წლის იოშიჰიდე სუგა მრავალი წელია პოლიტიკაშია. ის ფერმერების ოჯახში გაიზარდა, რომელიც მარწყვის მოყვანით იყო დაკავებული.
თავისი კარიერა მან 1987 წელს დაიწყო, როცა ქალაქ იოკოჰამას საკრებულოში აირჩიეს. 1996 წელს ის პარლამენტის წევრი გახდა. 2005 წელს ის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. სინძო აბეს პრემიერობისას კი მას სხვადასხვა თანამდებობა ეკავა, მათ შორის იყო მინისტრთა კაბინეტის გენერალური მდივანი და შინაგან საქმეთა მინისტრი.