ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა/შენახვა/ტარების ბრალდებით პოლიციამ გიჩო მარგველაშვილი დააკავა. ფორმულას ინფორმაციით, ანალოგიური ბრალდებით კიდევ ერთი პირია დაკავებული.
2023 წლის მაისში გოგებაშვილის ქუჩაზე ბიზნესმენის მკვლელობა სცადეს - მისი მიმართულებით საბა გახოკიძემ ისროლა, თუმცა მარგველაშვილის დაცვის წევრმა მოიგერია და თავდამსხმელი ადგილზე მოკლა.
შაბათის ფორმულამ დაადგინა, რომ გიჩო მარგველაშვილი დაცვის გარეშე გადაადგილდებოდა და თავდასხმის მომენტში მის გვერდით მისი ბიძაშვილის პირადი დაცვის თანამშრომელი - კახაბერ კამლაძე იყო.
სროლის ერთ-ერთ მთავარ მოტივად წარსულში გახოკიასა და მარგველაშვილის ფიზიკური დაპირისპირება სახელდება, რა დროსაც გიჩო მარგველაშვილმა საბა გახოკია მძიმედ დაჭრა.
დაპირისპირების მთავარი ფიგურანტები ერთ სკოლაში სწავლობდნენ და ერთ უბანში ცხოვრობდნენ. თუმცა, საბა გახოკია გარკვეული წლების განმავლობაში, საქართველოში არ იმყოფებოდა და სავარაუდოდ ერთმანეთს დიდი ხნის განმავლობაში აღარ შეხვედრიან. მარგველაშვილსა და გახოკიას შორის, წარსულში მომხდარი დაპირისპირების დეტალები კარგად ახსოვთ მათ სკოლელებს და მეზობლებს, მაგრამ ამ თემაზე ღიად დღეს აღარავინ საუბრობს.
შაბათის ფორმულას ინფორმაციით, გოგებაშვილის ქუჩაზე განვითარებული მოვლენების უკან, გამოძიება ეძებს შესაძლო ბიზნეს ინტერესებსა და დიდი ფულის გამო დაწყებული დაპირისპირების კვალსაც.