logo
ENG



იგნორირებული საგანგებო მდგომარეობა - სანქციები შესაძლოა, კიდევ უფრო გამკაცრდეს

29 მარ 202019:51
3 წუთის საკითხავი
 
m6rjj2p6sl44l3n.png

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, მოქალაქეების ნაწილი დაწესებულ შეზღუდვებს ყურადღებას არ აქცევს და საქმიანობასა თუ დასვენებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

თბილისის სკვერებში უამინდობაშიც შეხვდებით ახალგაზრდებს, რომლებიც შეჩერებული სასწავლო პროცესის და დახურული გასართობი სივრცეების პირობებში გამოსავალს ეძებენ. იკრიბებიან სტადიონებზე, ეზოებში ან ერთმანეთს  სახლებში სტუმრობენ. შედარებით უფროსები გარეთ მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროებისთვის გამოდიან, პროდუქტის ან პირველადი მოხმარების ნივთების საყიდლად, თუმცა სოციალურ დისტანციას ხშირ შემთხვევაში ქუჩებში არც ისინი იცავენ.

მთავარი მოთხოვნა მოქალაქეთა თავშეყრის აკრძალვის შესახებ ირღვევა აგრარულ ბაზარში, რომელიც კოვიდ 19-ის გავრცელების წყაროდ შეიძლება იქცეს. სავალდებულო 2-მეტრიან დისტანციას აქ არც მყიდველი იცავს და არც გამყიდველი. მოვაჭრეთა ნაწილმა, რომელიც მყიდველის ნაკლებობას  უჩივის, უკვე იცის რომ ბაზარი შესაძლოა დაიხუროს და ისინი შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

დღეს ხალხმრავლობა იყო ახალციხის ბაზარშიც, სადაც სოფლებიდან ჩასული ადგილობრივები სოფლის მეურნეობის პროდუქტებს  ყიდდნენ. ასობით მოვაჭრეს და მყიდველს არც პირბადეები ჰქონდა და არც ხელთათმანი. ფოტო და ვიდეომასალის მედიაში გავრცელების შემდეგ, ადგილზე  პოლიცია  მივიდა და მოვაჭრეებს ტერიტორია დაატოვებინა, თუმცა მოგვიანებით ისევ დაბრუნდნენ და მუშაობა გააგრძელეს. ასეთივე მდგომარეობა იყო ოზურგეთის აგრარულ ბაზარში. ამასთან ერთად, ადგილზე დარღვეული იყო ჰიგიენური ნორმები, არ ჩატარებულა დეზინფექცია, აღდგა შიდა მიმოსვლა სამარშრუტო ტაქსებით.

უკვე 9 დღეა  საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. აკრძალულია 10 ადამიანის ერთად თავშეყრა, მოქალაქეები ვალდებულები არიან დაიცვან სოციალური დისტანცია. იკრძალება თვით იზოლაციისა და კარანტინის პირობების დარღვევა. დაუმორჩილებელ მოქალაქეებს პოლიცია აკავებს  იძულებით კარანტინში გადაჰყავს და აკისრებს ფულად ჯარიმას. სანქციების მოუხედავად, კანონდამრღვევი ბევრია. მხოლოდ  ბოლო 24 საათში საპატრულო პოლიციამ 125 პირი დააჯარიმა.

არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში სანქციების გამკაცრებას არ გამორიცხავენ. ფაქტია, რომ მოქალაქეების ნაწილს არც საგანგებო მდგომარეობის არსი ესმის, არც ფულადი სანქციების და არც კორონავირუსის შიში აქვს. არადა, ერთადერთი რეალური დამცავი მექანიზმი დღეს კოვიდ 19-თან საბრძოლველად, მხოლოდ ეს რეკომენდაციაა - „დარჩი სახლში - დაიცავი ჰიგიენა და სოციალური დისტანცია“.


close დახურვა