გურულები მდინარეების გადასარჩენად იბრძვიან. უფლებების დაცვა აქციებითა და სასამართლოთი უწევთ. საქმე ისაა, რომ მდინარეებში მომუშავე ტრაქტორები, რომლითაც ინერტულ მასალას მოიპოვებენ, კალაპოტებს ცვლის, უხეშ ჩარევას კი ბუნებაც სათანადოდ პასუხობს.
ადგილზე მომუშავე კომპანიები ირწმუნებიან, რომ ყველაფერი წესრიგშია, ლიცენზიაც აქვთ და ქვა-ღორღის მოპოვების უფლებაც. თუმცა სათემო გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკო" აცხადებს, რომ ხშირ შემთხვევაში, მდინარეები უკანონოდ ნადგურდება. მოსახლეობაში ამბობენ, რომ ყველაფრის უკან ადიკო ივანიშვილი დგას, თუმცა ამის პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს.
გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, მოსახლეობის გამოძახებების გამო, უკმაყოფილოები არიან. ისინი ადგილზე მიდიან და ამოწმებენ მხოლოდ იმას, რამდენად ჯდება კომპანია იმ კონტურებში, რომელიც წიაღის სააგენტომ მოუხაზა შპს-ებს, ნაკლებად კონტროლდება მოპოვების სიღრმე. გურიის მდინარეები შავ ზღვაში ჩაედინება და სანაპირო ზოლისთვის მნიშვნელოვანი ნატანი ჩააქვს. თუ ასე გაგრძელდა, გრიგოლეთისა და ურეკის სანაპიროზე მაგნიტური ქვიშის ნაცვლად მხოლოდ ქვები დარჩება. გურიის მდინარეებისა და გურულების გასაჭირის შესახებ „დროების“ სიუჟეტიდან შეიტყობთ.