logo
ENG



ივანიშვილი Credit Suisse-ს ამჯერად შვეიცარიული სასამართლო სისტემის გამოყენებაში ადანაშაულებს

19 მაი 202216:35
3 წუთის საკითხავი
 
ივანიშვილი Credit Suisse-ს ამჯერად შვეიცარიული სასამართლო სისტემის გამოყენებაში ადანაშაულებს

შვეიცარიული ბანკის მხრიდან დაზარალებული ბენეფიციარების ინტერესების დამცველმა ჯგუფმა, CS Victims-მა ბიძინა ივანიშვილის სახელით 18 მაისს მორიგი განცხადება გაავრცელა და Credit Suisse-ს პასუხისმგებლობის არიდების მიზნით, შვეიცარიული სასამართლო სისტემის გამოყენებაში დაადანაშაულა. 

CS Victims აცხადებს, რომ ბანკი იყენებს შვეიცარიის სასამართლო სისტემას, რათა თავიდან აიცილოს ივანიშვილისთვის თანხის დაბრუნების პასუხისმგებლობა. 

"სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში შვეიცარიის პროკურორმაც კი დაადასტურა სასამართლოს გადაწყვეტილება და საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ Credit Suisse ვალდებულია დაუბრუნოს დაზარალებულ კლიენტს თაღლითობით მიღებული თანხა, თუმცა ბანკმა გამოიყენა სასამართლო, რათა თავიდან აიცილოს მისი სრული გადახდა", - ნათქვამია ივანიშვილის პრესსპიკერის განცხადებაში. 

CS Victims-ის თქმით, Credit Suisse, როგორც ჩანს, დაეთანხმა სასამართლოს გადაწყვეტილებას და აიღო ივანიშვილისთვის თანხის დაბრუნების ვალდებულება, მაგრამ დაამატა შემდეგი პირობა: "როდესაც ბანკი დაიბრუნებს ამ ფულს მესამე პირებისგან".

განცხადების მიხედვით, ამ პირობის დამატებამ მთელი საბანკო პრაქტიკა და წესები თავდაყირა დააყენა. 

"ნებისმიერი სასამართლო, თუნდაც განვითარებადი სახელმწიფოს სასამართლო, მკაფიოდ აცხადებს, რომ ბანკის უმთავრესი ვალდებულების შესრულება (უშუალოდ ბანკიდან მოპარული თანხის დაზარალებული კლიენტისთვის დაბრუნება) არ იქნება დამოკიდებული რაიმე პირობაზე", - აღნიშნულია განცხადებასთან თანდართულ ტექსტში. 

ამავე ტექსტის მიხედვით, უფრო ფართო განმარტებით, სასამართლომ ნება დართო Credit Suisse-ს, არ დაუბრუნოს კლიენტს მოპარული ფული, თუ მესამე პირისგან მისი ამოღება ვერ მოხერხდა. 

შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა არა ბანკის, არამედ, ფაქტობრივად, მესამე პირების პასუხისმგებლობა და ბანკი აქცია სახსრების "გამტარად". ამრიგად, წამყვან შვეიცარიულ ბანკში დეპონირებული და ანგარიშებიდან არალეგალური ქმედებების შედეგად ამოღებული თანხების დაბრუნება, პირდაპირ და ცალსახად არ განისაზღვრა, როგორც Credit Suisse-ის პასუხისმგებლობა", - ნათქვამია ტექსტში.  

CS Victim-ის განცხადებით, Credit Suisse-მა გამოიყენა აღნიშნული და კლიენტს 2019 წლის აპრილში გადაუხადა მხოლოდ ის თანხა, რომელიც წარმატებით მიიღო მესამე პირისაგან.  

$130 მილიონიდან $80 მილიონი ამოღებულია Credit Suisse-ის სხვა დაზარალებული კლიენტების ანგარიშებიდან, რომლებიც ასევე იყვნენ მსჯავრდადებული ურთიერთობების მენეჯერის მსხვერპლები. ამ მსხვერპლებმა შესაძლოა ივანიშვილთან ერთად ასევე ისაუბრონ თავიანთ საქმეებზე, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის პრეტენზიები განსხვავდება დაზარალებული კლიენტებისგან. 

რაც შეეხება დარჩენილ $50 მილიონს, რომელიც 36 თვის განმავლობაში გადასახდელი რჩება, ბანკი აცხადებს, რომ ის დაუბრუნებს თანხებს კლიენტს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოახერხებს მესამე მხარისგან, მათ შორის გარდაცვლილი ურთიერთობის მენეჯერისგან, მის ამოღებას. 

"სასამართლომ Credit Suisse უნდა აიძულოს, დაფაროს მოპარული თანხები, მიუხედავად მესამე პირებისგან თანხის ამოღებისა. კანონის ან ფინანსების საბაზისო ცოდნის მქონე პირისთვისაც კი გასაგებია, რომ Credit Suisse პასუხისმგებელია დავალიანების დაბრუნებაზე. გადახდა არ უნდა იყოს დამოკიდებული მის დამნაშავე თანამშრომლებზე ან მათ უფროსებზე ან მითურ მესამე პირებზე და ბანკმა უნდა აიღოს თავისი ვალდებულებები, როგორც ფინანსურმა ინსტიტუტმა და კლიენტის ფინანსური უსაფრთხოების გარანტმა", - აცხადებს ივანიშვილის პრესსპიკერი. 

"ბიზნეს ფორმულა" ინფორმაციის დასაზუსტებლად Credit Suisse-ს დაუკავშირდა, თუმცა ბანკმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

9 მაისს ივანიშვილის მიერ დაქირავებულმა PR კომპანია CISION-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს და მეორედ ჩივილს აპირებს. 

სარჩელის მიზეზი ის არის რომ, როგორც Cision-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, Credit Suisse-ს მიერ ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად და საჭიროებისამებრ თანხის გაცემის უზრუნველსაყოფად დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ბანკმა ოპერაციები შეაყოვნა. 

ბიძინა ივანიშვილმა 2022 წლის 4 მარტს თანხის მიღება მოითხოვა. ბანკის რწმუნებულმა მოთხოვნა 2022 წლის 4 აპრილს დააკმაყოფილა, რამაც მილიარდერს ფინანსური ზიანი მიაყენა. თანხის გადარიცხვის შეყოვნების მიზეზად Green Vals Trust-მა "აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკური გარემო" დაასახელა. 

ივანიშვილის ადვოკატი კი განმარტავს, რომ Credis Suisse წინააღმდეგ დავას "ბოლო პერიოდში რამდენიმე სხვა ფაქტი მეტად საეჭვოდ დაემთხვა".

ადვოკატის თქმით, ივანიშვილს გარკვეული შეფერხებები შეექმნა ლონდონიდან და ნიუ იორკიდან ხელოვნების ნიმუშების დროულ და შეუფერხებელ გადაადგილებაში. ასევე, გაურთულდა გერმანიაში ძველის ჩაბარების სანაცვლოდ შეძენილი ახალი ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანა.

11 მაისს, Credit Suisse-მა ფორმულასთან საუბრისას განაცხადა, რომ ბრალდებები პოლიტიკურ ზეწოლასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.

"ნებისმიერი ბრალდება Credit Suisse-ის "პოლიტიკური ზეწოლის" შესახებ სრულიად უსაფუძვლოა", - აღნიშნულია მათ განცხადებაში.


close დახურვა