logo
ENG



ივანიშვილი გახარიაზე: თებერვალში მისი ქმედება იყო თავისი გუნდის და სახელმწიფოს ღალატი

07 ივნ 202110:55
3 წუთის საკითხავი
clock 569
ივანიშვილი გახარიაზე: თებერვალში მისი ქმედება იყო თავისი გუნდის და სახელმწიფოს ღალატი

ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიას მიერ ქართული ოცნების დატოვებას გუნდის და სახელმწიფოს ღალატს უწოდებს, რაც "გაუგონარი მიზეზით მოხდა". 

ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ გიორგი გახარიასთან პოლიტიკური თანამშრომლობა მისთვის ისედაც ყოვლად მიუღებელი იქნებოდა. 

"ფსევდოპარტიის შექმნა თავისთავად არასწორი მოვლენაა, გიორგი გახარიასთან პოლიტიკური თანამშრომლობა ჩემთვის ისედაც ყოვლად მიუღებელი იქნებოდა. მთელი ამ წლების მანძილზე, ქართულ პოლიტიკაში უამრავი პოლიტიკური გადაცდომის მომსწრე გავხდით და მეგონა, რომ ამ თვალსაზრისით, აღარაფერი და ვეღარავინ გამაოცებდა. თუმცა, რაც გიორგი გახარიამ მიმდინარე წლის თებერვალში გააკეთა, ამ ფონზეც კი, გაკვირვებას იწვევს.

მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე სახელმწიფო თანამდებობის პირმა სრულიად გაუგებარ დროს, ყოვლად გაუგონარი მიზეზით დატოვა თანამდებობა - იგი გადადგა იმ მიზეზით, რომ არ სურდა კანონის უზენაესობის დაცვა და კანონის აღსრულება, რისკენაც მას მთელი პოლიტიკური გუნდი მოუწოდებდა.

ის ითხოვდა კანონის აღსრულების ორი დღით გადავადებას, რის შესახებაც ჩვენ დღემდე ვერავითარი დამაჯერებელი განმარტება ვერ მოვისმინეთ. გახარიას ეს პოზიცია მით უფრო გაუგებარი იყო იმ ფონზე, რომ რამდენიმე დღით ადრე ის საკუთარი გუნდისგან მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას დაჟინებით მოითხოვდა. უმაღლესი თანამდებობის პირის ამგვარ მოქმედებას, გაუგებრობის ხარისხით, მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაშიც კი ძნელად შეიძლება მოეძებნოს ანალოგი.

თებერვალში გიორგი გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდის ღალატი. და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს იყო საკუთარი სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი. სამართლისა და კანონის უზენაესობა არის ნებისმიერი სახელმწიფოს ქვაკუთხედი. უპირველეს ყოვლისა, სწორედ კანონის უზენაესობის მიმართ დამოკიდებულებით უნდა შეფასდეს და გაიზომოს ნებისმიერი პოლიტიკოსისა და სახელმწიფო თანამდებობის პირის საქმიანობა და მოღვაწეობა. როდესაც უმაღლესი რანგის თანამდებობის პირი კანონის უზენაესობის წინააღმდეგ გამოდის და ამ საბაბით თანამდებობას ტოვებს, ამაზე დიდი პოლიტიკური დანაშაული ძნელი წარმოსადგენია. მინდა მწუხარებით აღვნიშნო, რომ ამ ყველაფერმა ჩემი მძიმე იმედგაცრუება გამოიწვია". - წერს ივანიშვილი. 

მისი შეფასებით, ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება იყო გიორგი გახარიას მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, რომელსაც, ივანიშვილის თქმით, არ აქვს იდეოლოგიური და კონცეპტუალური საფუძველი. 

"იგი აშკარად მოაზრებულია, როგორც სიტუაციური ინსტრუმენტი მმართველი გუნდისთვის საარჩევნო ხმების თუნდაც მცირე რაოდენობის წასართმევად". - წერს ბიძინა ივანიშვილი. 

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა და ქართული ოცნება 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა - მან მიზეზად ნიკა მელიას დაკავების საკითხზე გუნდსა და მას შორის აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. 

29 მაისს კი თავისი პარტია საქართველოსთვის წარადგინა. 


close დახურვა