logo
ENG



ივანიშვილის ადვოკატები წუხან, რომ ივანიშვილის საქმეზე შვეიცარიული მედია ვერ დააინტერესეს

18 ივლ 202216:41
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/18/2kiui6fkfv2i2wr.png

იურიდიული კომპანია ემ-ქეი-დი, რომელიც შვეიცარიულ ბანკთან დავაში ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავს, წუხს, რომ ივანიშვილის საქმის შესახებ შვეიცარიული მედია ვერ დააინტერესეს.

განცხადებაში ადვოკატები ამბობენ, რომ არც გაზეთმა, არც ტელევიზიამ და არც რადიომ ამბავი არ გააშუქეს.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია ეხება შვეიცარიულ სისტემურ ბანკს, ასევე, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს, ხოლო ადრესატებს წარმოადგენენ შვეიცარიელი კანონმდებლები და საბანკო მარეგულირებელი, არცერთმა წამყვანმა შვეიცარიულმა მედია საშუალებამ - არც გაზეთმა, არც ტელევიზიამ და არც რადიომ - არ ისურვა ზემოაღნიშნული შინაარსის შემცველი ტექსტის გამოქვეყნება ან სხვაგვარად გამოხმაურება.

ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ საუბარი არ არის ბ-ნი ივანიშვილის წარმომადგენელთა პოზიციის უპირობოდ გაზიარებასა და უცვლელად გამოქვეყნებაზე. საუბარია ჩვენს თხოვნასა და შეთავაზებაზე, მედიას თავადაც მოეკვლია საკითხი, დარწმუნებულიყო ჩვენ მიერ მითითებული ფაქტების უტყუარობაში, გადაემოწმებინა, თუნდაც, სამართლებრივი გამართულობა ბანკის პოზიციისა და, მოესმინა ბანკის დამოკიდებულება საკითხისადმი. შესაბამისად, სტატია თუ სიუჟეტი ყოველმხრივ, ობიექტურ მონაცემებს დაეფუძნებოდა. ჩვენი მხრივ, დაფიქსირებული გვქონდა და გვაქვს მზაობა, რომ ნებისმიერ შვეიცარიულ მედია საშუალებას მივაწოდოთ საჭირო ინფორმაცია და მონაცემები", - ნათქვამია განცხადებაში.

მათი თქმით, "გამომცემლობის, ტელევიზიისა და რადიოს მიერ უნისონში გამოთქმული ზრდილობიანი უარის მიღმა შეიძლება სხვა საფუძველი არსებობდეს, რაც მორიგი სამწუხარო, იმედგამაცრუებელი სიგნალი იქნებოდა შვეიცარიიდან".

"მიუხედავად ამ მზაობისა და მედია თავისუფლებისადმი სრული პატივისცემისა, ჩვენთვის საკვირველია, რომ არ მოიძებნა არცერთი შვეიცარიული მედია საშუალება, რომელიც შვეიცარიული საბანკო სისტემისა და სახელმწიფოსთვის ამ მნიშვნელოვან გზავნილებს გაახმოვანებდა მისთვის მისაღები ფორმით და სათანადო პროცედურების დაცვით. მედიის მხრიდან საკითხით დაუინტერესებლობას, ამავე თემის უმნიშვნელობას ან მეორეხაროსხოვნებას ვერ მივაწერთ, რადგან მსგავსი საკითხები შვეიცარიაში ყოველთვის მედია-ფოკუსშია. უფრო მეტიც, შვეიცარიული მედია ჩვენი ჩართულობითაც და თავადაც, ჩვენგან დამოუკიდებლად, ყოველთვის უყოყმანოდ აქვეყნებდა კრიტიკულ, ნეგატიური შინაარსის შემცველ სტატიებს შესაბამის ბანკთან დაკავშირებით.

მოცემულობა შეიცვალა, როდესაც საუბარი შეეხო ბანკის მენეჯმენტის მიერ თვით-დაზიანების რეჟიმში ყოფნასა და ჩვენ მიერ გამოთქმულ ეჭვს - ხომ არ იყო ბანკის მოქმედებებში სხვა საფუძველი ან რაიმე ინტერესი. აქედან გამომდინარე, წარმოიშვება ლოგიკური დასკვნა, რომ ათზე მეტი გამომცემლობის, ტელევიზიისა და რადიოს მიერ უნისონში გამოთქმული ზრდილობიანი უარის მიღმა შეიძლება სხვა საფუძველი არსებობდეს, რაც მორიგი სამწუხარო, იმედგამაცრუებელი სიგნალი იქნებოდა შვეიცარიიდან", - წერია განცხადებაში.

9 მაისს ივანიშვილის მიერ დაქირავებულმა PR კომპანია CISION-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს და მეორედ ჩივილს აპირებს. 

სარჩელის მიზეზი ის არის რომ, როგორც Cision-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, Credit Suisse-ს მიერ ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად და საჭიროებისამებრ თანხის გაცემის უზრუნველსაყოფად დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ბანკმა ოპერაციები შეაყოვნა. 

ბიძინა ივანიშვილმა 2022 წლის 4 მარტს თანხის მიღება მოითხოვა. ბანკის რწმუნებულმა მოთხოვნა 2022 წლის 4 აპრილს დააკმაყოფილა, რამაც მილიარდერს ფინანსური ზიანი მიაყენა. თანხის გადარიცხვის შეყოვნების მიზეზად Green Vals Trust-მა "აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკური გარემო" დაასახელა. 

ივანიშვილის ადვოკატი კი განმარტავს, რომ Credis Suisse წინააღმდეგ დავას "ბოლო პერიოდში რამდენიმე სხვა ფაქტი მეტად საეჭვოდ დაემთხვა".

ადვოკატის თქმით, ივანიშვილს გარკვეული შეფერხებები შეექმნა ლონდონიდან და ნიუ იორკიდან ხელოვნების ნიმუშების დროულ და შეუფერხებელ გადაადგილებაში. ასევე, გაურთულდა გერმანიაში ძველის ჩაბარების სანაცვლოდ შეძენილი ახალი ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანა.

11 მაისს, Credit Suisse-მა ფორმულასთან საუბრისას განაცხადა, რომ ბრალდებები პოლიტიკურ ზეწოლასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.

"ნებისმიერი ბრალდება Credit Suisse-ის "პოლიტიკური ზეწოლის" შესახებ სრულიად უსაფუძვლოა", - აღნიშნულია მათ განცხადებაში.


close დახურვა