logo
ENG



ივანიშვილის ადვოკატი ჩვენებაზე: დაირღვა კანონი, შესწავლის საგანია

21 ნოე 202102:25
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/21/2wn74ggpcu90jef.jpg
ფოტო: იმედის კადრი

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის ვიქტორ ყიფიანის განცხადებით, ბერმუდის სასამართლო პროცესზე, როდესაც ოლიგარქი ჩვენებას აძლევდა, ვიდეო და ფოტოგადაღების შეზღუდვა დაირღვა და ეს "შესწავლის საგანია". ამით ყიფიანი შაბათის ფორმულას მიერ მოპოვებულ ჩვენებას ეხმაურება.

როგორც ყიფიანი იმედთან ინტერვიუში აცხადებს, ვიდეო გადაღებით კანონი დაირღვა.

"ეს საქმე რეზონანსულია და ჩვენ უკვე ადგილობრივ ტელესივრცეში ვხედავთ გარკვეული ვიდეომასალების გავრცელებას. ეს ცალკე თემაა, რომელიც შესწავლას მოითხოვს, რადგან ეჭვის დონეზე და ვარაუდების დონეზე მიჭირს ამ საკითხზე საუბარი. ერთი რამ ფაქტია, რომ გარკვეული ვიდეომასალა გავრცელდა. მინდა გითხრათ, რომ სასამართლოს წესებით, პროცესის მიმდინარეობისას, ნებისმიერი ფოტო და ვიდეო გადაღება იყო და არის აკრძალული. აქედან გამომდინარე ისმება კითხვა - ვინ გააკეთა ეს და რა მიზნით?

ჩვენ თუ ლოგიკური გამორიცხვის მეთოდით ვივლით, გამორიცხულია ეს ვინმეს ჩვენი მხრიდან გაეკეთებინა. თვითონ პროცესი საჯაროა, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს ვისაც სურვილი აქვს თვალი ადევნოს უნდა მიმართოს სასამართლოს და ის გადის შესაბამის რეგისტრაციას. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი მედიის წარმომადგენელი. აქედან გამომდინარე ვვარაუდობ, რომ ასეთი დაშვება გაკეთდა დაინტერესებულ პირზე ან პირთა ჯგუფზე. აქ კანონი არ ირღვევა, თუმცა მოხდა ვიდეო და ფოტო გადაღებაზე არსებული შეზღუდვის დარღვევა და დღეს ეს მასალა გამოიყენება შიდა მოხმარებისთვის, რომელიც არცთუ დადებით ასოციაციებს იწვევს... აქ მთავარია ის, რომ დაირღვა კანონი ფოტო და ვიდეო გადაღების შეზღუდვასთან დაკავშირებით. რაც ჩვენი შესწავლის საგანია", - აღნიშნა ყიფიანმა.

შაბათის ფორმულამ გაავრცელა ბიძინა ივანიშვილის სამი ჩვენება, რომელიც ქართული ოცნების დამფუძნებელმა ბერმუდის სასამართლოს მისცა. ჩვენების დროს ივანიშვილმა განაცხადა, რომ მან მმართველობის პერიოდში მოსახლეობისთვის მიცემული ყველა პირობა შეასრულა და თქვა, რომ მისი წასვლა არავის უნდოდა. მან ასევე ირაკლი ღარიბაშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილი მისთვის ავტორიტეტი არასდროს ყოფილა.


close დახურვა