logo
ENG



ივანიშვილის მორიგი ტყუილი - ოპოზიცია ქართული ოცნების ლიდერებს პასუხობს

11 მაი 202012:26
3 წუთის საკითხავი
 

ბიძინა ივანიშვილის მორიგი ტყუილი - ასე აფასებენ ოპოზიციური პარტიები „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ 8 მარტის შეთანხმებაში პოლიტიკურ პატიმრებზე საუბარი არ არის.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ოქრუაშვილთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება და ამის შემდეგ ამერიკისა და ევროკავშირის მხრიდან გაკეთებული განცხადებები ადასტურებს, რომ შეთანხმებაში საკონსტიტუციო ცვლილებების პარალელურად პოლიპატიმრებზეც საუბარი იყო. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, „ოცნებამ“ უნდა შეასრულოს საერთაშორისო ფასილიტატორებთან ერთად დადებული შეთანხმება, რომ არჩევნების ჩატარდეს სწორედ ისეთი სისტემით, რომელზეც ყველა აქტორი თანახმა იქნება.

„არაფერი ახალი განცხადების გაკეთება შესაძლებელი არ არის. არსებობდა ჩარჩოები, მოლაპარაკების თემები და შეთანხმებები, ამ ფარგლებში პოლიტპატიმრებს უნდა დაეტოვებინათ საპყრობილეები. ჩვენ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, რომ პირველ მოსმენამდე ეს შეთანხმება დაიცვას და პოლიტპატიმრებმა დატოვონ საპყრობილეები. ვიმეორებ, ეს იქნება კარგი ქვეყანაში დემოკრატიული პროცესებიც განვითარებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ გადაიხდის მძიმე პოლიტიკურ ფასს, ბიძინა ივანიშვილი კი მაინც წავა ხელისუფლებიდან“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა.

შეთანხმებაში პატიმრების გათავისუფლების საკითხის არსებობაზე პარტია „ლელოს“ წევრმა საბა ბუაძემაც ისაუბრა. მან პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს მიმართა და ურჩია, „საერთაშორისო პარტნიორებისა და ხალხის მოთმინებას ნუ გამოცდიან“.

„ბატონ თალაკვაძეს ვურჩევდი, რომ ნუ გამოცდიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და ხალხის მოთმინებას, შეასრულონ ის პირობა, რაც 8 მარტს გაფორმებული შეთანხმებით აიღეს. პოლიტიკური პატიმრების არსებობას საქართველოში ადასტურებს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის და პარტნიორი ქვეყნის ანგარიში, შესაბამისად, აუცილებელია, რომ ამ შეთანხმებას პატივი სცეს ქართულმა ოცნებამ“ და არ ჩაიდინოს გადაგდების მორიგი აქტი, ვინაიდან ეს ქართულ დემოკრატიას მიაყენებს უდიდეს ზიანს“, - განაცხადა საბა ბუაძემ. 

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ თუ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება. მანვე აღნიშნა, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსების გათავისუფლებასთან დაკავშირებით 8 მარტის შეთანხმებაში არაფერი წერია.  


close დახურვა