logo
ENG



ილია II: აღვავლენთ ლოცვებს, რათა ღმერთი მშვიდობისა შეეწიოს სომხეთსა და აზერბაიჯანს

27 სექ 202022:13
3 წუთის საკითხავი
 
ილია II: აღვავლენთ ლოცვებს, რათა ღმერთი მშვიდობისა შეეწიოს სომხეთსა და აზერბაიჯანს

აღვავლენთ ლოცვებს, რათა ღმერთი მშვიდობისა შეეწიოს სომხეთს, აზერბაიჯანს და მთელ კავკასიას, - ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის წერილშია ნათქვამი.

როგორც პატრიარქი აღნიშნავს, ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან ორივე მეზობელი ქვეყანაა და საქართველოში ბევრი აზერბაიჯანელი და სომეხი ცხოვრობს.

"დიდი შეშფოთებით შევიტყვეთ ინფორმაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახლახანს დაწყებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

ეს ჩვენთვის განსაკუთრებულად მტკივნეულია, რადგან ორივე ქვეყნის მეზობლები და მეგობრები ვართ და საქართველოშიც მრავლად ცხოვრობენ როგორც აზერბაიჯანელები, ისე სომხები.

ვიმედოვნებთ, როგორც ერთი, ისე მეორე ქვეყნის ხელისუფალნი და საერთაშორისო საზოგადოება არ დაუშვეს ვითარების მკვეთრ ესკალაციას, რაც კავკასიის პრობლემად და მსოფლიოსთვისაც დიდ გამოწვევად იქცევა.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა ღმერთი მშვიდობისა შეეწიოს სომხეთს, აზერბაიჯანს და მთელ კავკასიას", - ნათქვამია წერილში.

მთიან ყარაბაღში კონფლიქტი დღეს, 27 სექტემბერს გამწვავდა.

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანმა სამხედრო იერიში მიიტანა. გამოცხადდა საომარი მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია. სომხეთის პრემიერმინისტრის პრესმდივნის თქმით, დაიბომბა სოფლები და ქალაქი სტეფანაკერტი. არის მსხვერპლი.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ კი განაცხადა, რომ საბრძოლო ოპერაციების შედეგად მათ ყარაბაღის სოფლები და სტრატეგიული ადგილები დაიკავეს.

ოფიციალური აზერბაიჯანი კონფლიქტის გაღვივებაზე მთელი პასუხისმგებლობას სომხეთს აკისრებს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალივვს თქმით, სომხეთს აზერბაიჯანის მიწების მითვისება სურს და ამას არც მალავს. ალიევი სომხეთს ადანაშაულებს მოლაპარაკებების შეწყვეტასა და პროვოკაციებში.

სომხეთის პრემიერმინისტრმა განცხადება დღის განმავლობაში რამდენჯერმე გააკეთა. მან მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, არ დაუშვას თურქეთის ჩართვა ყარაბაღის კონფლიქტში. მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა, რეფეჯ თაიფ ერდოღანმა ღიად დაუჭირა მხარი აზერბაიჯანს.

ეუთოს მინსკის ჯგუფმა, რომელსაც საფრანგეთი, აშშ და რუსეთი ხელმძღვანელობენ, მოუწოდა მხარეებს, შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და იმუშაონ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე.

სომხეთისა და აზერბაიჯანს შორის ვითარება 2020 წლის ივლისშიც გამწვავდა. სამხედრო კონფლიქტი მაშინ არა ყარაბაღში, არამედ ტავუშისა და ტოვუზის რეგიონებს შორის მდებარე საზღვართან მოხდა. დაპირისპირების შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა.


close დახურვა