საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 31 აგვისტოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი უკრაინის საგარეო მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდა.
უწყების ცნობით, დარჩიაშვილმა უკრაინელ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ ომი მალე დასრულდება და ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა დაისადგურებს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მინისტრებმა რეგიონში ასოცირებული ტრიოს როლსა და სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს.
უწყების ცნობით, საუბრის თემა იყო ტრიოს ქვეყნებისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გადაწყვეტილებაც.
„აღინიშნა ევროკომისიის გადაწყვეტილება ტრიოს ქვეყნებისთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის თაობაზე, მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ქვეყნების მხრიდან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების საკითხზე.“ - წერია უწყების განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - ჩეხეთის მიწვევით, 30-31 აგვისტოს, ქ. პრაღაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ ე.წ გიმნიხის შეხვედრაში მონაწილეობს.