logo
ENG



იმ მოსამართლეების გაზრდილი ქონება, რომლებმაც გვარამიას განაჩენი გამოუტანეს - შაბათის ფორმულა

05 ნოე 202221:15
3 წუთის საკითხავი
 

ვინ არის ის 3 მოსამართლე, რომელმაც მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას საპატიმროში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო - შაბათის ფორმულამ გაარკვია, რომ კარიერულად სამივე ბოლო წლებში დაწინაურდა.

მათ შესახებ Google-ს საძიებო სისტემაში საინტერესო არაფერი იძებნება, თუმცა, ბევრს ამბობს მათ მიერვე შევსებული დეკლარაციები, რომლებშიც ჩანს, რომ ზოგიერთის ქონება კარიერული წინსვლის პირდაპირპროპორციულად იზრდება.

მაგალითად მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძის პირველი 2016 წლის და ბოლო, 2022 წლის დეკლარაცია ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. დეკლარაციის მიხედვით, ამ ეტაპზე მოსამართლის ოჯახის მფლობელობაშია საცხოვრებელი სახლი მცხეთაში, ბინა ფარნავაზ მეფის გამზირზე, ბინა გრიგოლ რობაქიძის 7 ნომერში, სააპელაციო სასამართლოს გვერდით.

"როდესაც პირველი ქონება შევიძინე 2018 წელს, ეს მოხდა კრედიტით, რომლის დაფარვის შემდეგაც ისევ ავიღე კრედიტი და ისევ შევიძინე ბინები. ჩემს საკუთრებაში არსებული ყველა ბინა იპოთეკით არის დატვირთული", - ამბობს მაღლაკელიძე შაბათის ფორმულასთან საუბარში.

მოსამართლე მაღლაკელიძე ასევე ფლობს 3000 კვ.მ მიწის ნაკვეთს ვაკეში, ჟვანიას ქუჩაზე, სადაც ახლა კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. მაღლაკელიძე ირწმუნება, რომ 3000 კვადრატული მეტრ მიწაზე აშენებული კორპუსიდან მას მხოლოდ 169 კვადრატული მეტრის ბინა შეხვდა. ამბობს, რომ დანარჩენი საცხოვრებელი ფართები მშენებელს ეკუთვნის და რომ გაყიდული ბინებიდან ის არანაირ მოგებას არ ნახულობს.

"მას უნდა აეშენებინა კორპუსი და ჩვენთვის უნდა მოეცა ბინები. მე მეკუთვნოდა მხოლოდ 169 კვადრატი. ჟვანიაზე ბინას და ავტოფარეხს არ ვფლობ, რასაც ვფლობდი ის გავყიდე და შევიძინე ის, სადაც ახლა ვარ. ჟვანიაზე დამრჩა მხოლოდ საზაფხულო ფართი", - თქვა მოსამართლემ.

ლაშა მაღლაკელიძის დეკლარაციის მიხედვით მას ასევე აქვს 15 000 დოლარის ოდენობის სესხი, რომელიც ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე, ფიზიკური პირისგან უპროცენტოდ აიღო.

მაღლაკელიძის მსგავსად, კარიერულ კიბეზე სწრაფად ავიდა კოლეგიის კიდევ ერთი მოსამართლე - დავით მამისეიშვილი. ის წლების განმავლობაში ჯერ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე იყო, ხოლო შემდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადმოიყვანეს.

გარდა ამისა, მამისეიშვილი კოლეგებმა წარსულში ზეწოლაში ამხილეს. ყოფილი მოსამართლე, ირაკლი შავაძე პირდაპირ ადებდა ხელს დავით მამისეიშვილს და ლაპარაკობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში არსებულ განუკითხაობაზე. სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ ვადის გასვლის შემდეგ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შავაძე თანამდებობაზე აღარ დანიშნა.

ამასთან, შაბათის ფორმულა 2 დღის განმავლობაში იმ უნივერსიტეტს ეძებდა, რომელიც ნიკა გვარამიას საქმის კიდევ ერთი მოსამართლემ მერაბ ჯორბენაძემ 1997 წელს დაამთავრა. სარაჯიშვილის ქუჩაზე, ანუ იქ სადაც სავარაუდოდ წლების წინ დასახელებული უნივერსიტეტი მდებარეობდა, ვერავინ ვნახეთ, ვინც ჯორბენაძის ალმა-მატერის შესახებ მცირე ინფორმაციას მაინც მოგვაწვდიდა. ერთადერთი, ვინც ეს უნივერსიტეტი გაიხსენა, ისევ მოსამართლე და ისევ ლაშა მაღლაკელიძე იყო.


close დახურვა