logo
ENG



იმედის ჟურნალისტმა Facebook-ზე კრიტიკული კომენტარების გამო მოქალაქეებს მობილურებზე დაურეკა

28 ნოე 202215:39
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/28/fjlsexigbeos78p.png

გადაცემა იმედის დღის წამყვანმა, მარიკა ბაკურაძემ ერთ-ერთ სიუჟეტზე დაწერილი კრიტიკული კომენტარების ავტორებს პირად მობილურებზე დაურეკა და პასუხი მოსთხოვა. 

წამყვანს არ დაუკონკრეტებია, საიდან მოიპოვა მობილურის ნომრები და როცა ერთ-ერთი მოქალაქე ამით დაინტერესდა, ჟურნალისტმა მას უთხრა, რომ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა.

"თქვენც მოიპოვეთ მაშინ იმის უფლება, რომ უცხო ადამიანები ასე შეაფასოთ", - ასე უპასუხა მან მოქალაქეს.

სიუჟეტის დაწყებამდე ჟურნალისტმა თავისი მოტივაცია ახსნა და თქვა, რომ "ექსპერიმენტი გააკეთა" იმაზე, რატომ წერენ ადამიანები მსგავს სიტყვებს და იყენებენ თუ არა ამ ლექსიკას სამეტყველო ენაში.

"რამდენიმე მათგანს დავურეკე, გულწრფელად ვკითხე, თქვენ ასე საუბრობთ თქვენ გარემოში? ეს სწორად მიგაჩნიათ? ზოგიერთს ძალიან გაუკვირდა ეს ზარი, თუმცა ყველანაირი სტანდარტის ანონიმურობის დაცვით ჩვენ ახლა ამ ექსპერიმენტს გთავაზობთ", - განაცხადა ჟურნალისტმა სიუჟეტის გასვლამდე.

Facebook-ზე რამდენიმე მომხარებელმა უკვე დაწერა, რომ ჟურნალისტი მათ დაუკავშირდა. როგორც მოქალაქე გიორგი ბოლქვაძე ამბობს, არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ საუბარი იწერებოდა და მომხდართან დაკავშირებით სარჩელს ამზადებს.

ფორმულა მომხდარზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ შემთხვევას მოიკვლევენ და რეაგირება ექნებათ. 


close დახურვა