დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ეროვნული გამოცდების მსვლელობის დროს ოთახებში მხოლოდ ფანჯრები იქნება გაღებული და კონდიციონერები ვერ იმუშავებს.
როგორც იმნაძე აცხადებს, ოთახებში კონდიციონერი ჩართული იქნება გამოცდის დაწყებამდე და გამოცდებს შორის პერიოდში.
„ძირითადი რაც დისკომფორტს შეუქმნის ჩვენს აბიტურიენტებს ალბათ იქნება განიავების პრობლემები. მოგეხსენებათ რომ ე.წ. საყოფაცხოვრებო კონდიციონერი, რომლებიც არ არის აწყობილი ისე, როგორც სისტემები გარედან ჰაერის შემოტანაზე და შესაბამისად შემდეგ ოთახიდან ჰაერის გატანაზე, ასეთი კონდიციონერების მოხმარება ამ პერიოდში, ისეთი თავშეყრის ადგილებში, როგორიც არის საჯარო სივრცეები არ არის ნება დართული. აქედან გამომდინარე, კონდიციონერები იმუშავებენ შენობებში გამოცდების დაწყებამდე, კონდიციონერები იმუშავებენ გამოცდებს შორის პერიოდში, მაგრამ გამოცდის პერიოდში ფანჯრები იქნება ღია, მაგრამ სამწუხაროდ კონდიციონერები ვერ იმუშავებენ“,-განაცხადა პაატა იმნაძემ.