დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ ჩინური ვაქცინა სინოფარმი "100%-ით იცავს ჰოსპიტალიზაციისგან, მძიმე შემთხვევისგან და სიკვდილისგან".
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დღეს, 27 აპრილის 20:00 საათიდან 18 წელს ზემოთ ასაკის ნებისმიერ მოქალაქეს სინოფარმით აცრისთვის რეგისტრაცია შეუძლია.
"სინოფარმი გამოიყენება მათ შორის ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, რეგისტრირებულია უნგრეთსა და სერბეთში და ფართოდ გამოიყენება. მხოლოდ სერბეთში უკვე 2 მლნ დოზაა გამოყენებული. აღარ ვლაპარაკობ იმ 200 მლნ დოზაზე, რომელიც თავად ჩინეთში გამოიყენეს. ვაქცინა არის საკმაოდ მაღალეფექტიანი - 79% არის სიმპტომური დაავადების საწინააღმდეგო ეფექტი. თითქმის 100%-მდე ადის ის შემთხვევა, როცა იცავს ჰოსპიტალიზაციისგან, მძიმე შემთხვევისგან და სიკვდილისგან". - თქვა პაატა იმნაძემ.
ჩინურ სინოფარმს ჯერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ აქვს, თუმცა, როგორც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, აქვს უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, 29 აპრილს გაიმართება დამატებითი სხდომა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას სინოფარმის ავტორიზაციასთან დაკავშირებით.