დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში დაახლოებით 550 000 დოზა ვაქცინაა, რომელსაც ვადა მარტის ბოლომდე აქვს.
რაც შეეხება ჩინური წარმოების ვაქცინებს, გამყრელიძის თქმით, სინოფარმსა და სინოვაკის დოზებს ვადა 2023 წლის ივნისი-ივლისის თვემდე აქვთ. ამასთან, მისივე ინფორმაციით, ფაიზერთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები მიმდინარე წელს დამატებით შესყიდვებთან დაკავშირებით.
"ქვეყანაში ამ ეტაპზე 550 000 დოზამდე ფაიზერის ვაქცინა გვაქვს, რომელსაც ვადა 31 მარტამდე აქვს, გვაქვს კიდევ დაახლოებით მილიონ ნახევარი სინოფარმი და სინოვაკი, რომელთაც ვადა აქვთ 2023 წლის ივნის-ივლისის შუა რიცხვებამდე, საკმაოდ ვადიანია. რაც შეეხება ახალ შესყიდვებს, გიდასტურებთ, რომ ფაიზერთან მოლაპარაკება მიმდინარეობს ამ წელს დამატებით 2 მილიონი დოზის შესყიდვასთან დაკავშირებით. მათ შორის საუბარია ბავშვების დოზებზე. მოგეხსენებათ, განსხვავდება 5-11 წლამდე დოზა, 12 წლიდან ზემოთ დოზებისგან.
ასევე საუბარია, რომ თუ მარტის ბოლოსთვის ფაიზერს ექნება ომიკრონის შტამისთვის სპეციფიური ვაქცინა, საქართველოს ამაზეც განაცხადი აქვს გაკეთებული", - თქვა გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 11 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში სრულად აცრილია 40,9%. ბოლო 24 საათში ჩატარდა 10 881 აცრა.