logo
ENG



იმნაძე ვენეციის დასკვნაზე: მკაფიოდაა აღნიშნული, რომ კანონი აქრობს დემოკრატიულ სივრცეებს

21 მაი 202421:37
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/21/qql43asfqvu9er6.jpg

სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი გურო იმნაძე აცხადებს, რომ რუსულ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა "ძალიან მკაფიო და მკაცრია".

"მკაფიოდ და ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ეს კანონი არის დისპროპორციული, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას და სხვა საერთაშორისო სტანდარტებს, მისი განხილვის პროცესი იყო ხარვეზიანი და არადემოკრატიული. კანონპროექტი აქრობს დემოკრატიულ სივრცეებს და მას ეწინააღმდეგება ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი.

მოკლედ, ყველა შესაძლო არგუმენტით არის ძალიან მკაცრად გაკრიტიკებული ეს პროექტი", - წერს გურო იმნაძე Facebook-ზე. 

ვენეციის კომისიამ რუსულ კანონთან დაკავშირებით კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა.

კომისია მკაცრად ურჩევს ქართულ ოცნებას, გააუქმოს კანონი არსებული ფორმით. კომისია მოსაზრებაში ხაზს უსვამს, რომ კანონის არსებული ფორმით ნეგატიური ხარვეზები ექმნება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, საჯარო საქმეებში საქმიანობის უფლებას, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვას.

კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ ეს კანონი გავლენას მოახდენს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.

ვენეციის კომისია წუხილს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი არ დაელოდა მათ დასკვნას და კანონს მესამე მოსმენით კენჭი უყარა, მიუხედავად საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოწოდებისა.  

კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ოცნებაში ბრიფინგი გაიმართა. მმართველმა პარტიამ კრიტიკული დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ კომისიის სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა და თქვა, რომ "ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის არც ერთი არგუმენტი არ არსებობს".


close დახურვა