სოციალური სამართლიანობის ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გურამ იმნაძე ამბობს, რომ რუსულ კანონზე საკონსტიტუციო სასამართლოში დავის პროცესში კანონის მიმართ დროებითი შეჩერების მექანიზმის გამოყენებას მოითხოვენ. ამის შესახებ მან ფორმულას დღეში ისაუბრა.
იმნაძის განმარტებით, სარჩელი შეიძლება განიხილოს როგორც კოლეგიამ, ანუ ოთხმა მოსამართლემ, ისე პლენუმმა, ანუ საკონსტიტუციოს ცხრავე მოსამართლემ. მისი თქმით, ინტერესი და მიზანი იქნება, რომ საქმე პლენუმმა განიხილოს, რათა პროცესში ყველა მოსამართლე იყოს ჩართული.
"სასამართლოში არის ორი ტიპის დავა, ერთი არის სარჩელის საბოლოო დაკმაყოფილება, რაც იწვევს ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ან პირიქით, რომ კონსტიტუციურია, მაგრამ სანამ ამ გადაწყვეტილებამდე მივა სასამართლო, მას შეუძლია დროებითი მექანიზმი გამოიყენოს, ანუ ნორმის დროებითი შეჩერება. ნორმის დროებითი შეჩერების მექანიზმს სასამართლო იმ შემთხვევაში იყენებს, თუკი დაინახავს, რომ ამ ნორმის მოქმედებით რაღაც გამოუსწორებელი მიზანი შეიძლება მიადგეს მის ადრესატს. დავის პროცესში ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა ესეც იქნება, რომ სასამართლომ დროებითი შეჩერების მექანიზმი გამოიყენოს", - აღნიშნა იმნაძემ.
დღეს 30 მაისს არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ რუსულ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში საჩივრის წარსადგენად ემზადებიან. NGO-ები ამბობენ, რომ რუსული კანონის წესებით ცხოვრებას არ აპირებენ და მასთან საბრძოლველად ყველა შიდა და საერთაშორისო მექანიზმს გამოიყენებენ.