პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი აფხაზურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელი ასლან ბჟანია იუწყება, რომ პარტია სამომავლოდ ოკუპირებული ტერიტორიის აღიარებისთვის მზადაა. ინაშვილი ამბობს, რომ აფხაზეთშიც არიან "ბოკერიები და სააკაშვილები, რომელთაც შერიგება არ სურთ".
ინაშვილის თქმით, ბჟანია საქართველოსგან არა აღიარებას, არამედ ეკონომიკური და ჰუმანიტარული პროექტების დაწყებას ელის:
"აფხაზეთშიც არიან ბოკერიები და სააკაშვილები, რომელთაც შერიგება არ უნდათ და თბილისშიც არიან. მათ შორის კავშირს მკაფიოდ ვხედავ. მინდა მიაქციოთ ყურადღება ბჟანიას საჯარო განცხადებას. მან მკაფიოდ თქვა, რომ საქართველოსგან აღიარებას არ ელის. ელის, რომ დაიწყოს ეკონომიკური და ჰუმანიტარული პროექტები. გადაიდგა ძალიან მყიფე ნაბიჯი შერიგებისკენ, ჩემი ჩასვლით დაიწყო ეს პროცესი და ეს საკმაოდ რთული პროცესია. ამან უკვე გააცოფა გარშემო ყველა - ვგულისხმობ აქაურ და იქაურ სააკაშვილებსა და ბოკერიებს", - განაცხადა ინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
გამოცემა აფსნი.პუბლიკის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში, დეფაქტო პარლამენტის სხდომაზე ე.წ დეპუტატებმა "პრეზიდენტთან", ასლან ბჟანიასთან ერთად 18 აგვისტოს აფხაზეთში პატრიოტთა ალიანსის ვიზიტი განიხილეს. გამოცემის ცნობით, ბჟანია იუწყებოდა, რომ პატრიოტთა ალიანსი შემდგომი თანამშრომლობისთვის და სამომავლოდ ოკუპირებული აფხაზეთის აღიარებისთვის მზად არის. ბჟანია ყვებოდა, რომ ახლა ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროს სიტუაციის შესახებ შეფასების გაკეთება დაევალა, ისევე როგორც, მეზობელ რესპუბლიკებთან ურთიერთობის აღდგენის აუცილებლობაზე ხაზგასმა.
პატრიოტთა ალიანსისი ვიზიტი აფხაზეთში მიმდინარე წლის 18 აგვისტოს შედგა. ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტი მოჰყვა. შეხვედრაში მონაწილეობის გამო თანამდებობა დატოვა ე.წ პრეზიდენტის მრჩეველმა ლაშა საკანიამ. მოგვიანებით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ეკლესიამ პატრიოტთა ალიანსის მიერ ჩატანილ ღვთისმშობლის ხატის მიღებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ ხატს უკან დააბრუნებდნენ.
ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს დაემთხვა "პატრიოტთა ალიანსის" შესახებ ცენტრ "დოსიეს" გამოძიების პირველი და მეორე ნაწილების გამოქვეყნებაც, რომელში მოყვანილი დოკუმენტების მიხედვით, პარტიას რუსეთიდან ეხმარებიან - როგორც ფინანსურად, ასევე საარჩევნო კამპანიის დაგეგმვის კუთხით.