logo
ENG



ინდოეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულების რიცხვი 240-მდე გაიზარდა

03 ივნ 202311:05
3 წუთის საკითხავი
 

ინდოეთში, ოდიშას შტატში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 238-მდე გაიზარდა, დაშავებულია 650 ადამიანი. როგორც ცნობილია, Shalimar-Chennai Coromandel Express-ის მატარებლის რამდენიმე ვაგონი ადგილობრივი დროით 19:00 საათზე ლიანდაგებიდან გადავიდა, სხვა - Howrah Superfast Express-ის მატარებელი კი გადაბრუნებულ ვაგონებს შეეჯახა.

ოფიციალური პირების განცხადებით, ეს საუკუნის ყველაზე საშინელი სარკინიგზო კატასტროფაა. ადგილზე სასწრაფო დახმარების 200-ზე მეტი მანქანა, ასობით ექიმი და ექთანი გაიგზავნა. ინდოეთში გლოვის დღეა გამოცხადებული.

მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს, რადგანაც მაშველები ფიქრობენ, რომ ბევრი მგზავრი კვლავ ნამსხვრევების ქვეშ არის მოყოლილი.

"ძალამ, რომლითაც ვაგონები ერთმანეთს შეეჯახნენ გამოიწვია ის, რომ რამდენიმე ვაგონი გაჭყლეტილი და განადგურებულია. ვცდილობთ, ნამსხვრევებს შორის გავიდეთ, რათა მგზავრებამდე მივაღწიოთ. ასევე ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ცოცხლებს ზიანი არ მივაყენოთ", - თქვა კატასტროფებზე რეაგირების ეროვნული ძალების ხელმძღვანელმა, ატულ კარვალმა.

ერთ-ერთი გადარჩენილი ყვება, რომ კატასტროფის დროს მას ერთდროულად 10-15 ადამიანი დაეცა.

"ხელი და თავის უკანა მხარე დავიზიანე. როდესაც ვაგონიდან გამოვედი, დავინახე, რომ ვიღაცამ ხელი დაკარგა, ვიღაცამ - ფეხი, ვიღაცას კი სახე ჰქონდა დასახიჩრებული", - თქვა მან ერთ-ერთ ინდურ ტელეარხთან.


close დახურვა