სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, თბილისის ერთ-ერთ სტომატოლოგიურ კლინიკაში უსაფრთხოების მიზნით დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერები ხმასაც იწერდა. უწყების ცნობით, კამერების ხედვის არეალში ხვდებოდა კლინიკის შესასვლელი, ადმინისტრატორის სამუშაო სივრცე და საპროცედურო ოთახები. შედეგად, სტომატოლოგიური კლინიკა დაჯარიმდა.
ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, ვიდეომიყურადების შესახებ იცოდნენ იქ დასაქმებულმა პირებმაც, თუმცა შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნების არარსებობის გამო, კლინიკის ვიზიტორები არ იყვნენ ინფორმირებულნი.
"აუდიომონიტორინგის განხორციელების მიზნად კლინიკამ პაციენტსა და კლინიკის თანამშრომელს შორის კონფლიქტის ან გაუგებრობის არსებობის შემთხვევაში რეალური გარემოებების დადგენა მიუთითა.
ვინაიდან 24-საათიანი აუდიომონიტორინგი განაპირობებდა კლინიკაში დასაქმებულ პირებსა და ვიზიტორებს შორის განხორციელებული ნებისმიერი შინაარსის საუბრების კონტროლის შესაძლებლობას, ინსპექტორის სამსახურმა არ გაიზიარა კლინიკის არგუმენტაცია. ინსპექტორმა განმარტა, რომ პაციენტსა და კლინიკის თანამშრომელს შორის კონფლიქტი უნდა გადაწყვეტილიყო ადამიანის უფლებების ნაკლებ შემზღუდავი გზით", - წერია უწყების განცხადებაში.
სახელმწიფო ინსპექტორი, ასევე მიუთითებს, ვიდეოჩანაწერების შემნახველ მოწყობილობასთან წვდომა შესაძლებელი იყო პაროლის გარეშე, რამდენიმე პირი სარგებლობდა ერთი მომხმარებლის სახელით და მოწყობილობა სრულად არ აღრიცხავდა მონაცემთა მიმართ შესრულებულ მოქმედებებს (ვინ შევიდა სისტემაში, ვინ დაათვალიერა და მოუსმინა ჩანაწერებს, ვინ გადმოწერა იგი და ა.შ.).