logo
ENG



ლონდა თოლორაია: აუცილებლად დავტოვებ ჩემს სიტყვას სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით

21 თებ 202220:15
3 წუთის საკითხავი
 
ლონდა თოლორაია: აუცილებლად დავტოვებ ჩემს სიტყვას სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით

სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო წამების და არაადამიანურად მოპყრობის საქმის გამოსაძიებლად ჯერაც აქვს დარჩენილი რამდენიმე დღე, შესაბამისად, სამსახური ამ საქმეზე განცხადებას აუცილებლად გააკეთებს. 

ფორმულას ეთერში თოლორაიამ თქვა:

"მე აუცილებლად დავტოვებ ჩემს სიტყვას ამ საქმესთან დაკავშირებით. ერთი კვირაა ამისთვის დარჩენილი და ვიტყვი მანამ, სანამ მე ამ პოზიციაზე ვარ. აუცილებლად ვიტყვი, რა გაკეთდა ამ საქმესთან დაკავშირებით, რა სტადიაზე რჩება გამოძიება. 

ადვოკატები სრულყოფილად ფლობენ ინფორმაციას, რას აკეთებს სამსახური. ისინი თავიდანვე იყვნენ ჩართულები პროცესში, მე არ მინდოდა რაიმე კითხვის ნიშნები დარჩენილიყო, ამიტომ გამოძიების შესახებ მათ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია. 

ეს იქნება სამსახურის პოზიცია. 4 დღეც მნიშნველოვანია გამოძიებისთვის".  - თქვა თოლორაიამ. 

მისივე განცხადებით, სისხლის სამართალში შუალედური დასკვნა მიღებული არ არის, თუმცა, სააკაშვილის საქმე გამონაკლისია.  

"სააკაშვილის საქმე გამონაკლისია, რადგან უქმდება ინსპექტორის სამსახური. მე არ ვიცი, როგორ გაგრძელდება გამოძიება ამ და ყველა სხვა საქმეზე გამოძიება, რომლებიც გადაეცემა ახალ სამსახურს. თქვენ ნახეთ, რომ ახალი სამსახურის ხელმძღვანელობა ჩაბარდა პროკურატურის თანამშრომელს. მე არავის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პერსონებს არ ვეხები, მაგრამ პროკურატურა იყო ერთ-ერთი ის უწყება, რომელიც ამ სამსახურის გამოძიების პროცესში ქმნიდა დაბრკოლებებს. ამიტომ, ასეთი კადრი ამ სამსახურს გადააქცევს პროკურატურის ერთ-ერთ დანაყოფად".  - თქვა ლონდა თოლორაიამ. 

***

15 თებერვალს პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების ხელმძღვანელები აირჩია. 

საგამოძიებო სამსახურს უხელმძღვანელებს კარლო კაციტაძე, ხოლო პერსონალური მონაცემების დაცვის უწყებას - ლელა ჯანაშვილი.

ამ დრომდე კაციტაძე გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი იყო. 

აღნიშნული ორი უწყება მას შემდეგ შეიქმნა, რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაშალეს. 

ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორად საქართველოს პარლამენტმა 6 წლის ვადით 2019 წელს აირჩია. მის კომპეტენციაში შევიდა სამართალდამცავ ორგანოთა წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება, ასევე, პერსონალური მონაცემების დაცვა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა კანონიერებაზე კონტროლი.

გასული წლის დეკემბერში ქართულმა ოცნებამ კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომელიც ითვალისწინებდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი ახალი უწყების - სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შექმნას. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ უწყების გაყოფა მის გაძლიერებას უკავშირდება. 

კანონპროექტი დაჩქარებული წესით მიიღეს. სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ. ლონდა თოლორაიას უფლებამოსილება პირველ მარტს ეწურება. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა როგორც სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ, ისე სახალხო დამცველმა

სახელმწიფო ინსპექტორს მიაჩნია, რომ მმართველმა გუნდმა "დამოუკიდებლობისთვის" დასაჯა. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ უწყების დაშლა მიხეილ სააკაშვილის საქმეს უკავშირდება. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 7 დეკემბერს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის ვიდეოების გავრცელების გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა, რაც, ჯამში, 2 500-ლარიან ჯარიმას გულისხმობს. 

ინსპექტორის აპარატმა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ სააკაშვილი საკვებ დანამატს იღებს, ყოფილი პრეზიდენტის ღირსების შელახვად მიიჩნია. თუმცა სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროვებაზე ინსპექტორის ჯარიმა სასამართლომ გააუქმა


close დახურვა