logo
ENG



ინსპექტორი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: საშიშ პრეცედენტს და სტანდარტს ადგენს

17 იან 202215:50
3 წუთის საკითხავი
 
ინსპექტორი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: საშიშ პრეცედენტს და სტანდარტს ადგენს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწვეტილებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს საშიშ პრეცედენტს და სტანდარტს ადგენს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირების უფლებების დაცვის, ასევე, საჯარო სექტორში მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით და მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობას.

სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელების გამო ინსპექტორის მიერ პენიტენციური სამსახურის დაჯარიმების გადაწყვეტილება გააუქმა. მანამდე გააუქმა იუსტიციის სამინისტროსთვის დაკისრებული ჯარიმაც.

ინსპექტორი ამბობს, რომ გადაწყვეტილება ყველა ეპიზოდთან მიმართებით იყო დასაბუთებული, ეფუძნებოდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და პერსონალურ მონაცემთა მარეგულირებელ შიდა კანონმდებლობას და საერთაშორისო სტანდარტებს.

"მას შემდეგ, რაც სამსახურს სასამართლოს მიერ გადმოეცემა დასაბუთებული გადაწყვეტილებები, სადაც მითითებული იქნება სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების სრულად გაუქმების კონკრეტული მიზეზები, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში გაასაჩივრებს.

იმედს ვიტოვებთ, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილებები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ჩაბარდება შემჭიდროებულ ვადებში, რათა შესაძლებელი გახდეს 2022 წლის 01 მარტამდე (სამსახურის გაუქმებამდე), მათი გასაჩივრება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მათი განხილვა", - ნათქვამია განცხადებაში.

2021 წლის 7 დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოების გავრცელების შესწავლა დაასრულა და მათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა, რაც, ჯამში, 2 500-ლარიან ჯარიმას გულისხმობს. 

30 დეკემბერს პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გააუქმა. დეპუტატებმა კანონპროექტი დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით დაამტკიცეს. სამსახურის გაუქმებას ხელი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 13 იანვარს მოაწერა.


close დახურვა