logo
ENG



ინსპექტორმა 29 ნოემბრის აქციაზე პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო

30 ნოე 202117:58
3 წუთის საკითხავი
 
ინსპექტორმა 29 ნოემბრის აქციაზე პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
ფოტო: ფორმულა/ვახო ქარელი

სახელწიფო ინსპექტორის სამსახურმა 29 ნოემბრის აქციაზე პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებისა და ძალადობის შესაძლო ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. 

საუბარია საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად გამართულ აქციაზე. 

ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში ტარდება. გამოძიების ფარგლებში დათვალიერდა ტერიტორია და გამოიკითხნენ აქციის მონაწილეები. ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო სამსახურმა გამოითხოვა გამოძიებისთვის საინტერესო და რელევანტური ინფორმაციაც. 

„დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია; მიმდინარეობს საქმესთან შემხებლობაში მყოფ პირთა, მათ შორის აქციის მონაწილეთა გამოკითხვა; სხვადასხვა საჯარო უწყებებიდან მოთხოვნილი იქნა გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაცია და დოკუმენტაცია; სასამართლოში წარდგენილი იქნა შუამდგომლობა ტელეკომპანიებიდან გამოძიების მიზნებისთვის მნიშვნელოვანი ვიდეოჩანაწერების გამოთხოვის თაობაზე“, - წერია ოფიციალურ განცხადებაში.  

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, ეფექტიანი გამოძიების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდება.

***
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 15 ადამიანი დააკავა

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, აქცია გასცდა მშვიდობიანი შეკრების კანონით დასაშვებ ნორმებს და სამართალდამცველებმა  15 ადამიანი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მიზეზით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად სასამართლოსთან ხმაური იყო. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა.


close დახურვა