სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელის მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. კერძოდ, საქმე ეხება მედიაში გავრცელებულ ვიდეოს, რომელიც თბილისის მეტროშია გადაღებული.
ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამს პოლიციელი ახალგაზრდა კაცს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.
"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. უწყების განცხადებაში წერია, რომ გენერალურმა ინსპექციამ ფაქტის მოკვლევა უკვე დაიწყო.