logo
ENG



ინფექციონისტი: შესაძლოა იყოს შემთხვევების მატება, მზად უნდა ვიყოთ

14 მარ 202017:15
3 წუთის საკითხავი
 

სპეციალისტები საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროებას ჯერ ვერ ხედავენ.

ამასთან, როგორც ექსპერტები აცხადებენ, სახელმწიფოს ყველა სტრუქტურამ სინქრონულად უნდა იმუშავოს, რადგან, მათი მოსაზრებით, მცირედმა შეცდომამ შესაძლოა, ცუდი შედეგი მოიტანოს.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები, სავარაუდოდ, გაიზრდება. 

"ზოგადად ეპიდემიების დროს არსებობს 4 ძირითადი ტიპის ღონისძიება, რომლებიც უნდა გატარდეს ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის. ესენია: შეკავება, რისკის შემცირება, კარანტინი და იზოლაცია. შესაძლოა იყოს მეტი უსიმპტომო შემთხვევები, რომლებიც არ ვიცით. შესაძლოა იყოს შემთხვევების მატება. ჩვენ გამონაკლისი ვერ ვიქნებით. ჩვენ ვხედავთ მსოფლიო სტატისტიკას, თუმცა მზად უნდა ვიყოთ. ჯანდაცვის სამინისტრო გვპირდება, რომ საწოლების და სასუნთქი აპარატები რაოდენობა საკმარისია. შესაბამისად, იმედი ვიქონიოთ, რომ მზად ვიქნებით დამძიმებული პაციენტების მისაღებად", -აღნიშნა ბიწაშვილმა. 

მთავრობის ინტენსიურ მუშაობაზე საუბრობს ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხლაძეც. იგი ფიქრობს, რომ მთავრობის გარდა საკითხს დიდი პასუხისმგებლობით, თავად მოქალაქეებიც უნდა ეკიდებოდნენ. 

"მაქსიმალურ მზადყოფნაში უნდა იყოს მთელი სისტემა, ჯანდაცვის სამინისტრო. ჩვენ საზოგადოებაც მზად უნდა ვიყოთ. აქ თავის დამშვიდება, რომ თავისით გადავა და გადავაგორებთ, არ შეიძლება, რადგან ერთმა პატარა შეცდომამაც კი შეიძლება ნეგატიური და კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს", - განაცხადა ექსპერტმა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 30-მე გაიზარდა. მანამდე ახალი ვირუსით 25 ადამიანი იყო დაავადებული. გარდა ამისა, დღეს პირველ ინფიცირებულს ჩაუტარდა ტესტი, რომლის შედეგიც ნეგატიური იყო. განმეორებითი ტესტის ჩატარებისას დადგინდება, გამოჯანმრთელდა თუ არა ის საბოლოოდ. 


close დახურვა