მას შემდეგ, რაც თბილისის ინფექციურმა საავადმყოფომ პროტესტის ნიშნად შიდსითა და კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღება დროებით შეაჩერა, ეკონომიკის სამინისტრომ მათ 300 ათასი ლარი გამოუყო. ამის შესახებ უწყებამ 21 აგვისტოს, დღის ბოლოს განცხადება გაავრცელა.
"ფინანსთა სამინისტროში უკვე ჩატარდა დივიდენდების განაწილების კომისიის სხდომა და ინფექციურ საავადმყოფოს მიეცა უფლება, გადაუდებელი სამუშაოებისთვის გამოიყენოს 300 ათასი ლარი. საკითხი ამით გადაწყვეტილია", - აცხადებენ უწყებაში.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა პოზიცია ექნება ხელისუფლების ქმედებაზე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს. პრესსამსახურში ფორმულას განუცხადეს, რომ მათ პასუხს ხვალ დილით კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია ბრიფინგზე გააჟღერებს.
რა მოხდა ინფექციურ საავადმყოფოში
თბილისის ინფექციურმა საავადმყოფომ, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი დიდი კოვიდკლინიკა და თბილისში ერთადერთი შიდსის ცენტრია, დროებით, თუმცა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა ახალი პაციენტების სტაციონარში მიღება.
მარინა ეზუგბაიამ 21 აგვისტოს დილის ბრიფინგზე განაცხადა, რომ გამართული ინფრასტრუქტურა არა მათი ფუფუნება, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია.
"ჩვენი და მოსახლეობის ინტერესი ერთია - მიიღონ მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურება. ამის განუყოფელი ნაწილია სამედიცინო პერსონალის მაღალპროფესიონალიზმი, რაც არაერთხელ დაგვიმტკიცებია. ამასთან აუცილებელია გამართული ინფრასტრუქტურა. ეს არ არის ფუფუნება, ესაა გადაუდებელი სასიცოცხლო მნიშვნელობის აუცილებლობა, ისიც, რაც შეიძლება, მალე", - ამბობს მარინა ეზუგბაია.
უფრო დეტალური კომენტარისთვის ფორმულა საავადმყოფოს დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს დაუკავშირდა, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
გუშინ, 20 აგვისტოს მან საზოგადოებრივ მაუწყებელს განუმარტა, თუ რატომ აჩერებენ კორონავირუსითა და შიდსით დაავადებულთა მკურნალობას. ის ამბობს, რომ მზადაა ჯანდაცვის მინისტრთან ნებისმიერ ფორმატში გამართოს შეხვედრა.
"ინფექციური პათოლოგიის ცენტრს რომ მუშაობა უწევდა ექსტრემალურად მძიმე, კრიტიკულ პირობებში, ამას არც ის [ჯანდაცვის მინისტრი] უარყოფს, ეს ყველამ იცის. ისიც მართალია, რომ შვიდი წლის ლოდინის შემდეგ, არსებობს მთავრობის გადაწყვეტილება, ჩვენ გადმოგვცენ ახალი შენობა, არსებობს მზაობა, ამ ახალ შენობაში, რომელიც არ არის დამთავრებული, სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს, გაკეთდეს შესაბამისი სარემონტო სამუშაოები, ის მოვიდეს შესაბამისობაში ინფექციური პროფილის კლინიკასთან. მაგრამ, ამას დასჭირდება სულ მცირე ერთი წელი, შეიძლება, მეტიც. ამ ერთი წლის განმავლობაში, ბუნებრივია, აუცილებელია, ჩვენს ცენტრს მისი დღევანდელი განთავსების ადგილზე ჰქონდეს მინიმალური, სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობები პაციენტების მომსახურებისთვის.
რომ არაფერი ვთქვათ უკიდურესად ცუდ, პაციენტისთვის მიუღებელ კონდიციებზე, რა მდგომარეობაშიც არის კლინიკის ინფრასტრუქტურა, პალატები, დერეფნები, ტუალეტები და სხვა, ესეც არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია, გამართული იყოს, მაგალითად, სავალდებულო ვენტილაცია, ჟანგაბდის მიწოდების სისტემა, კომპიუტერული ტომოგრაფიის, რომელიც უკვე წელიწადნახევარია, შეძენილი გვაქვს, დასაწყობებულია და ფუჭდება, მისი განთავსებისთვის შესაბამისი ოთახის მომზადება".
ცერცვაძის თქმით, ბოლო ერთი წელია ინტენსიურად მიმართავენ ჯანდაცვის სამინისტროს სახსრების გამოსაყოფად.
"ჩვენი მოთხოვნები, გადაუდებელი სამუშოებისთვის საჭირო სახსრების შესახებ იყო მინიმალური, ძალიან მცირე სახსრები იყო საჭირო, შედარებით მცირე, სადღაც 300 000 ლარის ფარგლებში. თვითონ სამინისტროს რეგულირების სამსახურმა ჩვენი მიმართვების საფუძველზე, ორჯერ შეამოწმა ჩვენთან არსებული სიტუაცია, ერთხელ იანვარ-თებერვალში, მეორედ 22 ივლისს და დაადასტურა ის ვითარება, რომლის დაუყოვნებლივ გამოსწორება აუცილებელია", - ამბობს ცერცვაძე.
25 მაისს, მაშინ როდესაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები საქართველოში მკვეთრად ზრდადი იყო, ინფექციურმა საავადმყოფომ ვიდეო გავარცელა წარწერით: "ასე ვამარცხებთ covid-19-ს".
ხელისუფლების ლიდერები აცხადებდნენ, რომ თბილისის ინფექციურს ახალი შენობა და "ათეულობით მილიონი ლარი" გამოეყოფა. ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ "ყველა ტექნიკური საკითხი მოგვარდება".
ჟურნალისტებმა ამავე კითხვით მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, რომელმაც ისევ ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალი შენობის გადაცემის დაპირება და ჯანდაცვის სფეროსთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ოდენობა გაიხსენა.
რა შეიძლება, გამოიწვიოს ინფექციური საავადმყოფოს სტაციონარული მომსახურების შეჩერებამ
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ ყველაზე დიდი პრობლემა შიდსით დაავადებულ ადამიანებს შეექმნებათ, რადგან თბილისში მათ სტაციონალური მკურნალობის ალტერნატივა არ აქვთ, გარდა ინფექციურისა. თბილისის გარდა მსგავსი კლინიკა მხოლოდ ქუთაისსა და ბათუმშია.
"სამწუხაროდ, საბჭოთა მედიცინის გადმონაშთია ის, რომ შიდსის მქონე პაციენტებს ერთ საავადმყოფოში მკურნალობენ. მათ ალტერნატივა არ აქვთ კოვიდისგან განსხვავებით, სხვაგან სერვისს ვერ მიიღებენ. ამაზე ადრეც უნდა ეზრუნა სახელმწიფოს და ამ თემის დეცენტრალიზაცია მოეხდინა", - ამბობს ბუწაშვილი.
მაია ბუწაშვილი, ასევე ვარაუდობს, რომ კოვიდის თვალსაზრისით, შესაძლოა რესურსი შემცირდეს, მაგრამ "კატასტროფას ვერ შექმნის", რადგან პანდემიის დასაწყიდშივე ბევრი სხვა ჰოსპიტალიც გაუმკლავდა კორონავირუსით ინფიცირებულებს.