logo
ENG



ინფიცირების 2 მილიონამდე შემთხვევა და 121 000-ზე მეტი გარდაცვლილი - რა ვითარებაა მსოფლიოში

14 აპრ 202021:19
3 წუთის საკითხავი
 

„ჩვენ არჩეული პრეზიდენტი გვყავს და არა მეფე“ - ასე გამოეხმაურა ნიუ-იორკის გუბერნატორი ენდრიუ ქუომო, შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებას. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ პრეზიდენტს აბსოლუტური ძალაუფლება აქვს და არა გუბერნატორების, არამედ მისი გადასაწყვეტია, გახსნას თუ არა ნიუ იორკი ან რომელიმე შტატი.

ნიუ-იორკის გუბერნატორი თვლის, რომ კარანტინის დროზე ადრე მოხსნა, სკოლების და ბიზნესების გახსნა ინფექციის მეტად გავრცელებას და სიკვდილიანობას გამოიწვევს.

შეერთებულ შტატები კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა და ვირუსი 587.000 ადამიანს აქვს დადასტურებული. გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 23.000-ს გადააჭარბა.

შეერთებულ შტატებში სამხრეთ კორეიდან კორონავირუსის ტესტები გაიგზავნა. სეულის საერთაშორისო აეროპორტში ტესტების ყუთები უკვე გადატვირთეს, რომელსაც ამერიკაში სატვირთო თვითმფრინავით წაიღებენ.  ეპიდემიის დასაწყისში ამერიკის ადმინისტრაცია ტესტების ნაკლებობის გამო არაერთხელ გააკრიტიკეს. უცხოურ ტესტები, ნებართვის მისაღებად  სურსათის და წამლის ადმინისტრაციის ბარიერებს წააწყდნენ. თავად დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ დამზადებული ტესტების ნაწილი კი წუნიანი იყო და სრულყოფილ პასუხებს არ იძლეოდა.

იტალიისგან და ესპანეთისგან განსხვავებით, სადაც მთავრობებმა კარანტინით გათვალისწინებული მკაცრი ზომები ოდნავ შეასუსტეს და ზოგიერთ ბიზნესს მუშაობის განახლების ნება დართეს, მკაცრი კარანტინი გრძელდება საფრანგეთში. ქვეყნის პრეზიდენტის გადაწვეტილებით კარანტინი კიდევ ერთ თვე შენარჩუნდება, რადგან მისი თქმით ეპიდემია ჯერ კონტროლს არ ექვემდებარება.

საფრანგეთში კორონავირუსის 98.000 დადასტურებული შემთხვევაა. ქვეყანაში 15.000-მდე მოქალაქე გარდაიცვალა.

რაც შეეხება ლონდონს, ქალაქის მთავარ ქუჩებზე სრული სიცარიელეა. დახურულია ოფისები და მაღაზიები. ცარიელია ლივერპულ სთრითის სადგური და დაკეტილია იქ განლაგებული ყველ ბიზნესი. არ მუშაობენ კაფეები და რესტორნები.

რუსეთში კი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 170-ს გადააჭარბა. ყოველ შემთხვევაში, ეს არის ოფიციალური მონაცემები, რომელსაც მოსკოვი ავრცელებს. რუსეთში გადაწყვიტეს, კიდევ უფრო გაამკაცრონ ზომები. დედაქალაქში შესასვლელად მძღოლებს სპეციალური საშვები უნდა ჰქონდეთ და ხვალ დილიდან მოსკოვში მხოლოდ ამ საშვებით შევლენ. ქალაქის შესასვლელებთან სპეცდანიშნულების რაზმები დგანან. მოქალაქეებს სახლიდან გამოსვლა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ.

უკანასკნელი მონაცემებით მსოფლიოში კოვიდ-19-ის 2 მილიონამდე შემთხვევაა დაფიქსირებული. 121 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. 


close დახურვა