მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, პრემიერი გიორგი გახარიაც ამბობს, რომ საპროტესტო აქციებმა კოვიდინფიცირებულების რაოდენობის კიდევ უფრო ზრდის რისკი გააჩინა.
"ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ვაზღვევთ სწრაფ ზრდას. ეს მოიტანა ამ აქციებმა. აქციებმა გააჩნია რისკი რომ 3-4 ათასიდან სწრაფად ავვვარდეთ... არ მინდა დავასახელო რიცხვი", - თქვა გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ ბრიფინგზე, სადაც ასევე, ახალი შეზღუდვები დაასახელა.
მანვე აღნიშნა, რომ ინფიცირებულების რაოდენობის ასეთი ზრდა ადამიანების მაღალმა მობილობამ და წესების დაუცველობამაც გამოიწვია.
"დღეს რაც ხდება, ჩვენი ზომის ქვეყნისთვის არაბუნებრივი გავრცელებაა. ეს რამ გამოიწვია? რა თქმა უნდა მაღალმა მობილობამ და წესების გარეშე ერთდ თავმოყრამ. ეს პოლიტიკური პროცესის მიზეზიცაა. საქართველოს ჯანდაცვის სისტემას დღეს 3-4 ათასის მართვის რესურსი გააჩნია, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო სექტორის რესურსიც გასათვალისწინებელია".
23 ოქტომბერის ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რამდენ ინფიცირებულს ელოდებიან ნოემბრის შუა რიცხვებში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობდა, რომ მათი გათვლებით, დღეში 3-4 ათასი ინიფიცრებული იქნება.
ერთი თვის თავზე, 24 ოქტომბრის ბრიფინგზე ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა 4 ათასამდე გაზრდილი კოვიდინფიცირებულების რაოდენობა ოპოზიციის "უპასუხისმგებლო" საპროტესტო აქციებს დააბრალა.
ამავე ბრიფინგზე, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ აქციები "ნამდვილად იყო ვირუსის გამავრცელებელი" და, რომ ამაზე "მტკიცებით ფორმაში" საუბარიც შეუძლია.