ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ინფიცირებული ადამიანების მონიტორინგი სპეციალური აპლიკაციების საშუალებით იქნება შესაძლებელი.
როგორც ტიკარაძემ გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა" განმარტა, სრულად იქნება დაცული პერსონალური ინფორმაცია და აპლიკაცია მისცემს დაინტერესებულ პირებს საშუალებას, გაიგონ რა არეალში იყვნენ ინფიცირებულები.
„ჩვენი სამსახურები მოახდენენ იმ ადამიანების მონიტორინგს, ვისაც დაუდასტურდა კორონავირუსი. ეს მოგვცემს საშუალებას, ვმართოთ ბადე. აპლიკაციის ინსტალირება შეეძლება ყველა მოქალაქეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პერსონალური მონაცემების დაცვა და ის იქნება დაცული. ამ აპლიკაციის პოზიტიური მხარე ისაა, რომ ეს კონტროლის კი არა, თავდაცვის საშუალებაა. ეს აძლევს პიროვნებას რისკის ზონის იდენტიფიცირების საშუალებას. კვლევები აჩვენებს, რომ ამ აპლიკაციის საშუალებით ხდება 30-40%-მდე გაუმჯობესება გამოსავლების. აპლიკაციის ჩამოტვირთვა იქნება ნებაყოფლობითი - ჩვენი გავრცელების დონეზე ეს სრულიად შესაძლებელია", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 49 შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 21 აპრილამდე გაგრძელდება.