logo
ENG



ინფორმაცია სქესობრივ ცხოვრებასა და პოლიტიკურ შეხედულებებზე - რუსული კანონის მიღებული ვერსია

17 მაი 202422:49
3 წუთის საკითხავი
 
ინფორმაცია სქესობრივ ცხოვრებასა და პოლიტიკურ შეხედულებებზე - რუსული კანონის მიღებული ვერსია
ფორმულა/ლანა მრავლაძე

რუსული კანონის მიღებული ვერსიის თანახმად, მოქალაქეებისგან სქესობრივ ცხოვრებაზე, პოლიტიკურ შეხედულებებზე, რელიგიურ მრწამსსა და ჯანმრთელობაზეც მოითხოვენ ინფორმაციას. შესაბამის ინფორმაციას კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ავრცელებს.

აღნიშნული შესწორება კანონპროექტის მესამე მოსმენისთვის გაჩნდა. უცნობია, კანონის რომელი ვერსიაა გაგზავნილი ვენეციის კომისიაში განსახილველად. 

როგორც მენაბდე სოციალურ ქსელში წერს, იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია" მოითხოვს. ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, პირი 5 000 ლარით ჯარიმდება

"ყველაზე საინტერესო ის არის რა ინფორმაცია შეიძლება მოითხოვონ თქვენგან? ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი „საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც (sic!). მოთხოვნის ზუსტი ფარგლები ბუნდოვანია, მაგრამ ზოგიერთი რამ პირდაპირ ჩაწერეს და ესაა „განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები“, რომელიც უკავშირდება პირის:

- რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას;

- პოლიტიკურ შეხედულებებს;

- რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარ მრწამსს;

- პროფესიული კავშირის წევრობას;

- ჯანმრთელობას;

- სქესობრივ ცხოვრებას;

- ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულის ან დაზარალებულის სტატუსს;

- მსჯავრდებას, ნასამართლობას, განრიდებას;

- ადამიანით ვაჭრობის ან ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის დანაშაულის მსხვერპლად ცნობას;

- პატიმრობას და მის მიმართ სასჯელის აღსრულებას;

- აგრეთვე ბიომეტრიულ და გენეტიკურ მონაცემებს", - წერს მენაბდე.

კანონის მე-8 მუხლის - მონიტორინგის მე-3 ნაწილით, მონიტორინგის განსახორციელებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია. ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია.

გარდა ამისა, ვახუშტი მენაბდე პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის მე-3 მუხლსაც ავრცელებს, სადაც ტერმინთა განმარტებაა მოყვანილი: "ბ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი − მონაცემი, რომელიც უკავშირდება ფიზიკური პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარ მრწამსს, პროფესიული კავშირის წევრობას, ჯანმრთელობას, სქესობრივ ცხოვრებას, ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულის ან დაზარალებულის სტატუსს სისხლის სამართლის პროცესში, მსჯავრდებას, ნასამართლობას, განრიდებას, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დანაშაულის მსხვერპლად ცნობას, პატიმრობას და მის მიმართ სასჯელის აღსრულებას, აგრეთვე ბიომეტრიულ და გენეტიკურ მონაცემებს, რომლებიც ფიზიკური პირის უნიკალური იდენტიფიცირების მიზნით მუშავდება".

მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების და პარტნიორების კრიტიკისა და გაფრთხილებების მიუხედავად ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი 14 მაისს მიიღო. აღნიშნული კანონით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ცხადდება ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომლის დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური წყარო წარმოადგენს.

 

close დახურვა