logo
ENG



ინფორმაციას ვერც ჯანდაცვის სამინისტროსგან ვიგებთ - ინფექციური საავადმყოფო შენობას ითხოვს

10 მაი 202023:30
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი საავადმყოფოს შენობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან უკვე მეათე წელია ამ საკითხზე საუბარი მიმდინარეობს, კონკრეტული ინფორმაცია დღემდე არ აქვთ.

„როგორც ცნობილია, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ტერიტორია და შენობა-ნაგებობები 2009 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ მიყიდა შპს „ავერსი-ფარმას“ იმ პირობით, რომ ცენტრს ახალი ფართი და შენობა ექნებოდა, მაგრამ ეს არ გაკეთდა და დღემდე ცენტრი რჩება ძველ ტერიტორიაზე, 2009 წლამდე დაკავებული შენობა-ნაგებობების ნაწილში (მეორე ნაწილი შპს „ავერსი-ფარმამ“ წაიღო), რომელიც 2019 წლის 1 ივლისამდე იჯარით ჰქონდა აღებული და საქმიანობა უწევს უმძიმეს, გაუსაძლის პირობებში.

ა.წ. 8 მაისს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ბ-ნმა გიორგი წოწოკალურმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომ თბილისის ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალი შენობის შესარჩევად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ჯერ ისევ არაა ცნობილი ახალი აშენდება, თუ უკვე არსებული რომელიმე შენობა შეირჩევა. მსგავსი განცხადებები მეათე წელია კეთდება, მაგრამ უშედეგოდ.

სამწუხაროდ, ჩვენ არანაირი კონკრეტული ინფორმაცია არა გვაქვს არც შენობასთან დაკავშირებით და არც იჯარასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებზე და ვერც ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობისგან ვახერხებთ რაიმეს გაგებას, რაც ძალიან ცუდია“, - ნათქვამია ინფექციური საავადმყოფოს განცხადებაში.


close დახურვა