logo
ENG



იოზვიაკი: ვფიქრობ, საქართველო სტატუსს მიიღებს - არა იმიტომ, რომ ეს მთავრობამ დაიმსახურა

27 სექ 202320:15
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/27/mb9fh4kuky2hwbg.jpg

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ჟურნალისტის, რიკარდ იოზვიაკის შეფასებით, საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს, თუმცა არა იმიტომ, რომ ამას მთავრობა იმსახურებს - მისი თქმით, ამის მიზეზი გეოპოლიტიკური ვითარებაა, რომლის მიღმაც საქართველოს დატოვება ევროკავშირს არ სურს. ამის შესახებ მან ფორმულასთან ისაუბრა.

"ევროკომისია ყოველთვის ამახვილებს ყურადღებას, რომ კანდიდატის სტატუსი დამსახურებაზეა დაფუძნებული, რომ ისინი აკვირდებიან რეკომენდაციების შესრულებასა და გადაწყვეტილებას ამაზე დაყრდნობით მიიღებენ. დიახ, ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურია.

ვფიქრობ, საქართველო საბოლოოდ კანდიდატის სტატუსს მიიღებს, არა იმიტომ, რომ ეს მთავრობამ დაიმსახურა, არამედ იმიტომ, რომ ასეთია პოლიტიკური ვითარება ახლა ევროპაში. ევროკავშირი იაზრებს, რომ ეს გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებაა და საქართველო პროცესის მიღმა არ უნდა დატოვონ", - განაცხადა მან.

მისივე თქმით, ევროკავშირს არ ენდომება, რომ ერთი მხრივ საქართველოს და მეორე მხრივ, მოლდოვა-უკრაინა შორის ინტერვალი გააღრმაოს, რადგან უარის შემთხვევაში, შესაძლოა, ერთმანეთს უფრო დაშორდნენ. იოზვიაკის მოლოდინით, წლის ბოლოს ყველას მიმართ დადებით გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუმცა საქართველოს დამატებით პირობებს წარუდგენენ.

დღეს იოზვიაკმა Twitter-ზე დაწერა, რომ ევროკომისია გაფართოების ანგარიშებს, სავარაუდოდ, 31 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.

2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. საბჭომ განაცხადა, რომ მზადაა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი მოგვარდება მთელი რიგი პრობლემებისა. 

მდგომარეობის გამოსასწორებლად ევროკავშირმა საქართველოს 12-პუნქტიანი გეგმა მისცა. 

დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციური გაძლიერება, ანგარიშვალდებულება, მართლმსაჯულების რეფორმა, მედიის დამოუკიდებლობა - ეს იმ ძირითადი რეკომენდაციების ნაწილია, რაც საქართველომ უნდა განახორციელოს. 

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა, ისევე როგორც ევროკომისარმა ოლივერ ვარჰაიმ განაცხადეს, რომ საქართველოს მთავრობამ 12 პრიორიტეტიდან 3 შეასრულა.


close დახურვა